პოლონეთის პრეზიდენტი „ჰოლოკოსტის კანონს“ ხელს მოაწერს
უცხოეთი
პოლონეთის პრეზიდენტი „ჰოლოკოსტის კანონს“ ხელს მოაწერს

     საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. პოლონეთის პრეზიდენტი „ჰოლოკოსტის კანონს“ ხელს მოაწერს. კანონის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვინც პოლონელ ხალხს „ჰოლოკოსტში“ მონაწილეობაში დასდებს ბრალს.
„ვითარებისა და კანონის ანალიზის შემდეგ, გადავწყვიტე ხელი მომეწერა ამ კანონისთვის. ამის შემდეგ კანონი ძალაში შევა. ამავდროულად, მე გადავწყვიტე კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნა, რომ სასამართლომ ამ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობა შეისწავლოს“, – განაცხადა ანჟეი დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, „ჰოლოკოსტის“ მოწმეები არ შეიზღუდებიან მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთის ცალკეული მცხოვრებლების უღირს საქციელზე ისაუბრონ, თუმცა კანონი პასუხისმგებლობას დააკისრებს იმ ადამიანებს, ვინც პოლონელ ერს ნაცისტების დახმარებაში დაადანაშაულებს.
პოლონეთის სენატმა აღნიშნული კანონი იანვრის ბოლოს დაამტკიცა. კანონმა ისრაელის ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონეთს კანონის გადახედვისკენ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ კანონის ავტორების მხრიდან ადგილი აქვს ისტორიული სიმართლის შეცვლის მცდელობას.

1tv.ge