არნო ხიდირბეგიშვილი: წელს საქართველოს ნატოში მიიღებენ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კი - რუსეთის ფედერაციაში
რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: წელს საქართველოს ნატოში მიიღებენ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კი - რუსეთის ფედერაციაში

      • რა უნდა ახსოვდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს?

აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის ინტერესები საქართველოში - დიამეტრულად საპირისპიროა, მაგრამ როდესაც ოფიციალური თბილისი მოსკოვთან კინკლაობას იწყებს, ამერიკისა და რუსეთის განზრახვები საქართველოსთან დაკავშირებით დროებით ერთმანეთს ემთხვევა.
იმათ, ვინც მათ განხორციელებას ეწინააღმდეგება ან არასაკმარისად უწყობს ხელს - კლავენ, როგორც გამსახურდიას, ან, უბრალოდ, ამხობენ, როგორც შევარდნაძეს. საქართველოში კი სამოქალაქო ომები და სახელმწიფო გადატრიალებები ხდება, რომელთა შედეგად ის ტერიტორიებს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ კარგავს.

      • რა მიზნით გადაწყვიტეს ამერიკამ და რუსეთმა, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება აიძულონ?

რუსეთსა და საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ შეთანხმების რეალიზაციის გაჯანჯლების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შეთანხმებების რატიფიკაციასთან დაკავშირებული პერიპეტიების მიღმა მთავარი გამოგვრჩა - რუსეთმა და აშშ-მა ერთდროულად მოუწოდეს საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, მაგრამ ეს სხვადასხვანაირად გააკეთეს:
   რუსეთმა პირდაპირ მოუწოდა საქართველოს, აღიაროს „ახალი რეალიები“, რათა „საფრთხის ქვეშ არ დააყენოს მიღწევები“ (1 მლრდ დოლარის საქონელბრუნვა, საქართველოში წარმოებული ღვინის 3/5 იმპორტი, 1,4 მილიონი რუსი ტურისტი) და „აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა“ (იხ. გ. კარასინის ინტერვიუ «Ъ» ს და ТАСС- ს).
   აშშ აპირებს, საქართველოს ნატოს წევრობა МАР-ის გარეშე შესთავაზოს, მაგრამ „მე-5 მუხლიდან (რომელიც კოლექტიურ თავდაცვასა და უსაფრთხოებას გულისხმობს - ა.ხ.) აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დროებით გამორიცხვის პირობით, მანამდე, სანამ საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით არ აღდგება“. აქაოდა, ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ნატოს წევრი ბევრი ქვეყანა „შიშობს, რომ საქართველოს ალიანსში მიღება ოკუპირებული ტერიტორიების გამო რუსეთთან ომის ავტომატურად დაწყებას ნიშნავს“ (იხ. ამერიკის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის Heritage Foundation-ის მოხსენება „საქართველოს ნატოში შესვლა აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის“, ავტორი - ლუკ კოფი, საგარეო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი).
ამ „ლამაზად შეფუთულ კამფეტს“ ქართველ ხალხს ნატოს 2018 წლის 11-12 ივლისის ბრიუსელის სამიტის შემდეგ შესთავაზებენ, საქართველოს ხელისუფლება კი კულუარულ საუბრებში უკვე დიდი ხანია, ამ კომპრომისს დათანხმდა, იმიტომ რომ სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის კატეგორიული არაღიარების უსასრულოდ დიდხანს დეკლარირება და იმავე დროს მაღალ თანამდებობებზე ყოფნა შეუძლებელი გახდა - ახლოვდება რუსეთთან საბაჟო მონიტორინგის შეთანხმების რეალიზების ვადა და ნატოს სამიტი ბრიუსელში, რაც მათგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

 

      • რაში სჭირდება საქართველოს ნატო?

მაშ ასე, რუსეთისგან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაში საქართველოს დახმარებაზე ნატომ უარი თქვა, მეტიც - საქართველოს გასაწევრიანებლად ნატო მათ „დროებით“ დავიწყებას მოითხოვს, „სანამ საკითხი რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით არ გადაწყდება“. ესე იგი, ნატოს არც რუსეთისგან საქართველოს დაცვა შეუძლია, იმიტომ რომ „რუსეთთან ომის ეშინია“ (აშშ მხოლოდ „ფერად რევოლუციებში“ იმარჯვებს, ომებში ამერიკელები მარცხდებიან).
მაგრამ თუ არც პირველია და არც მეორე, მაშინ რაში სჭირდება საქართველოს ნატო?!
   ანდა რატომ უნდა ეშინოდეს რუსეთისა საქართველოს? იმიტომ, რომ რუსეთს არ უნდა, საქართველო ნატოში შევიდეს და, ამგვარად, ნატო „რუსეთის საზღვრებს მიუახლოვდეს“, რისთვისაც რუსეთი „მუშაობას აგრძელებს“ (იხ. კარასინის ინტერვიუ ТАСС-ს). ესე იგი, თუ საქართველო ნატოში არ შედის, რუსეთისაც აღარ უნდა ეშინოდეს?!
   და თუ რუსეთისგან არა, მაშინ ვისგან შეუძლია საქართველოს დაცვა ნატოს? მოძმე სომხეთისა და აზერბაიჯანისგან? ან ნატოს წევრი თურქეთისგან? თუ - თურქეთისგან, მაშინ გამოდის, რომ ნატომ საქართველო... ნატოსგან უნდა დაიცვას?! საქართველო ხომ, ჩამოთვლილთა გარდა, არცერთ სხვა ქვეყანას არ ესაზღვრება! თუმცა, თუკი თურქეთს, აშშ-ისა და რუსეთის ჩუმი თანხმობით, აფრინში გამოუვა, შემდეგი აჭარა იქნება - ის, რომ ყარსის ხელშეკრულების ვადა მალე ამოიწურება, ეთნიკურად აჭარელ ერდოღანს გაცილებით მეტად იზიდავს, ვიდრე სისხლისგან დაცლილი „ქურთისტანი“. ხოლო რა შეიძლება შემდეგ აშშ-ისა და რუსეთის ჩუმი თანხმობით საქართველოში მოხდეს, ამ პუბლიკაციის პრეამბულაშია ნათქვამი.

      • რატომ არ ესმით საქართველოში კარასინის?

„ჩვენ ვხედავთ შეერთებული შტატებისა და ნატოს გააქტიურებას საქართველოში. ციფრებს არ მოვიყვან, მაგრამ მნიშვნელოვნად გაიზარდა იარაღის მიწოდება. ვხედავთ, რომ ვაზიანი საკმაოდ თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად გადაიქცა საქართველოს რეგულარული შეიარაღებული ძალებისთვის. ეს ჩვენი და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენი მეზობლების შეშფოთებას იწვევს. რაც შეეხება საქართველოს შესაძლო გაწევრიანებას ალიანსში, მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწებთ და ოპტიმისტებად დავრჩეთ (იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს ნატოში არ მიიღებენ თუ...? - ა.ხ.). თავის მხრივ, რუსეთი აგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ არარეგიონული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები ჩვენს საზღვრებს არ მოუახლოვდნენ და კიდევ უფრო არ გააღრმავონ ჩვენს მეზობლებთან ისედაც არსებული სირთულეები“ (კარასინის ინტერვიუდან ТАСС-ს).
   რომელ საზღვარს გულისხმობს კარასინი, როდესაც ლაპარაკობს „რუსეთის და მისი მეზობლების შეშფოთებაზე“ საქართველოს ალიანსში შესვლის შემთხვევაში მის საზღვრებთან ნატოს მიახლოებასთან დაკავშირებით? რუსეთ-საქართველოს საზღვარს? მაგრამ თუკი რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და მეზობლებად აღიარებს, მაშასადამე, იქ რუსეთ-საქართველოს საზღვარი არ გადის. ესე იგი, კარასინს მხედველობაში აქვს რუსეთ-საქართველოს საზღვრის დანარჩენი 572 კილომეტრი, რომელიც კავკასიის ქედზე, კერძოდ - პანკისის ხეობაზე გადის. და, აგრეთვე, რუსეთის „მეზობლების“ - საქართველო-აფხაზეთის და საქართველო- სამხრეთ ოსეთის საზღვრები.
   და რა ქმედებებს გულისხმობს კარასინი „მუშაობის გაგრძელებაში“? ალბათ, ისეთებს, რომლებიც „ოპტიმისტებად დარჩენის“ საშუალებას აძლევს, მაგალითად - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მისაღებად. აი ამ შემთხვევაში, თუ საქართველო ნატოში შევა, „არარეგიონული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი“ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე აღმოჩნდება არა მარტო არასტაბილურ პანკისის ხეობაში, არამედ მდინარე ენგურზეც!
   მაგრამ რატომ არ ესმის საქართველოს ხელისუფლებას - რას ამბობს კარასინი? რატომ არ ესმით ქართველ დიპლომატებს - რა წერია რუსეთსა და საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ შეთანხმებაში? იქნებ იმიტომ, რომ საქართველოში დაავიწყდათ რუსული ენა, რომელსაც თებერვლის ბოლოდან საქართველოს სკოლებში მეორე უცხო ენადაც კი აღარ შეასწავლიან?!

      • რაში სჭირდებათ ქართველებსჯაველინები“?

„რად გინდათ „ჯაველინები“?“ - უთხრა აშშ-ის ელჩმა იან კელიმ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას, ვაზიანის მიწისქვეშა ანგარის რკინის მასიური კარი ჩაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო. მიწისქვეშა საცავში აშშ-დან ჩამოტანილი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები „Javelin“ შეინახეს, რომლებზეც ქართველებს ხელს თუ მოაკიდებინებენ, ისიც მხოლოდ ამერიკელი ინსტრუქტორების ზედამხედველობით, რათა, ღმერთმა ნუქნას, ერთმანეთი არ ამოჟუჟონ ან კიდევ უარესი - ცხინვალის ან გალის მიმართულებით არ გაისროლონ!
   აი, თურმე, რატომ ახსენა კარასინმა ვაზიანი! მას ხომ კარგა ხნის წინ მოახსენეს - ვაზიანის ბორცვებში განლაგებული რა მიწისქვეშა ნაგებობები და კომუნიკაციები შეიძლება ერგოს ნატოს მემკვიდრეობით ამიერკავკასიის სახედრო ოლქისგან!
   თუმცა, მართალია - რაში სჭირდებათ ქართველებს „ჯაველინები“, რომელი მოწინააღმდეგის ტანკების გასანადგურებლად? საქართველოსთვის ხომ, როგორც ზემოთ გაირკვა, მთავარ საფრთხეს რუსეთი კი არა, საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა წარმოადგენს: არ არის ნატო - არ არის პრობლემა!
   სამი „ჯაველინი“ კი ამერიკული სამხედრო ბორტიდან პირდაპირ აშშ-ის საელჩოში მიიტანეს, რათა ეს ციტადელი თბილისის მისადგომებთან „რუსული ტანკებისგან დაიცვან“ და დიპლომატების, ზესაიდუმლო დოკუმენტაციის და ლუგარის ლაბორატორიის ვირუსების შტამების ბანკის ევაკუაცია უზრუნველყონ. ამერიკის საელჩოდან „სამხრეთ ოსეთის საზღვრამდე“ ხომ ტრასით 50 კმ-ზე ნაკლებია, პირდაპირზე კი რუსი სამხედროები ფანჯრიდან ჩანან!

      • რატომ მადგება თვალზე ცრემლი, როდესაც ამერიკის საელჩოს ჩავუვლი?

ყოველთვის, როცა თბილისში აშშ-ის საელჩოს ჩავუვლი, თვალზე ცრემლი მადგება. არა, ეს არ არის სიამაყის ცრემლები იმის გამო, რომ დიდმა ამერიკამ პატარა საქართველოს მეგობარი, მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი უწოდა!
   ეს სირცხვილის ცრემლებია, იმიტომ რომ ჩვენ, ქართველებმა, ეს დავიჯერეთ...
   ეს - სირცხვილის ცრემლებია, იმიტომ რომ „საქართველოს მეგობარი, მოკავშირე და N1 სტრატეგიული პარტნიორი“ ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს რუკაზე ვერ მოძებნის!
   ეს - სირცხვილის ცრემლებია აშშ-ის გამო, რომელიც თავისი 242-წლიანი ისტორიის განმავლობაში შავკანიანებს ხოცავდა და შორეულ მშვიდობიან ქალაქებს ატომურ ბომბებს აყრიდა!
   ეს - სირცხვილის ცრემლებია 22-საუკუნოვანი ისტორიის მქონე საქართველოს გამო, საიდანაც 207 წელი მან რუსეთთან კავშირში იცხოვრა - თითქმის იმდენივე, რამდენიც აშშ არსებობს!
   აი, კავკასიაში რუსეთის იმპერატორის ნაცვლის სასახლე თბილისის ცენტრში (დღეს - მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე რუსთაველის, ყოფილ გოლოვინის გამზირზე), მისი სარკიანი დარბაზებითა და მოზაიკური კიბის ბალუსტრადებით, სადარბაზო კარებითა და ნაყშებიანი ფანჯრების ვიტრაჟებით, რომლებიც უნიკალური შადრევნიანი პარკის ტერასებზე გამოდის.
   აი, ეს კი საქართველოში ამერიკის ნაცვლის სასახლეა, ანუ - აშშ-ის საელჩო თბილისის გარეუბანში (საქართველოს სამხედრო გზაზე), ფანჯარა-სათოფურებიანი ბეტონის ბასტიონი მთელ პერიმეტრზე დაცული შიშველი ზონის ცენტრში, მიწისქვეშა თავშესაფრით, სამხედროებისთვის ყაზარმებით და იარაღიანი ბუნკერებით.
   ფოტოების გადაღებას თუნდაც შორიდან, მაგრამ აშშ-ის საელჩოს მიმართულებით მყისვე უსიამოვნებები მოსდევს, შესაძლოა, დაკავებაც კი და კამერის კონფისკაცია გადაღებული კადრების განადგურებამდე. 
  რუსეთის იმპერატორის ნაცვლის სასახლე ტფილისში კი სალონი გახლდათ, სადაც მთელი ქართველი დიდგვაროვნები, ქართული და რუსული კულტურის დიდი წარმომადგენლები მუსიკალურ-პოეტურ საღამოებზე და მიღებებზე იკრიბებოდნენ. სახელმწიფო და აღმშენებლობითი მოღვაწეობის გარდა, თავისი საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობისთვის მისი უდიდებულესობა რუსეთის იმპერატორის ნაცვალი ტფილისელების სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა, ამიტომ მათგან დამალვა უგანათლებულეს თავადს, გენერალ-ფელდმარშალ ვორონცოვს არაფერში სჭირდებოდა...
     რით აიხსნება ესოდენ თვალსაჩინო განსხვავება წარმომადგენლობებს შორის, რომლებიც საქართველოში რუსეთმა და ამერიკამ აიშენეს? საქართველოსა და კავკასიაში რუსეთისა და აშშ-ის ინტერესებისა და მიზნების განსხვავებით!

 

      მეგობრები ან ბუფერები - რატომ იქნება რუსეთი მუდამ საქართველოზე პასუხისმგებელი?

„შენ ყოველთვის იქნები პასუხისმგებელი მასზე, ვინც მოათვინიერე“ (Tit deviens responsable pour tpujows.de се que tit as apprivoise) - ეს სიტყვები ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის მოთხრობიდან „პატარა უფლისწული“ აღნიშნავს პასუხისმგებლობას მასზე, ვისაც თუნდაც ერთხელ დაეხმარე და ვინც ბოლომდე მოგენდო. რუსეთი ყოველთვის იქნება პასუხისმგებელი საქართველოზე, აიტომ - „თვითონ მოილაპარაკეთ, ჩვენ მხოლოდ მოხარული ვიქნებით“ - ამ ტიპის მომიზეზებები სამწუხარო დიპლომატიური შეცდომაა და ქართველებში, რომლებსაც „ყურებით უყვართ“, რუსეთისადმი კეთილგანწყობას არ იწვევს.
   თუკი რუსეთმა შეძლო, სოჭში სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესზე ათას ხუთასი დელეგატი შეეკრიბა, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ ერთმანეთს ესროდნენ, მაშინ რუსეთს შეუძლია და ვალდებულიცაა, აქტიური შუამავლის როლი შეასრულოს აფხაზებთან და ოსებთან ქართველების შერიგებაში! რუსეთმა ისევ უნდა გააცნობიეროს საკუთარი თავი ეროვნულ სახელმწიფოდ და თავის გარშემო იმ ეროვნული სახელმწიფოების ინტეგრაცია მოახდინოს, რომლებიც ადრე რუსეთის იმპერიასა და სსრკ-ში შედიოდნენ - სწორედ ამაში მდგომარეობს ალექსანდრე ჭაჭიას ინტეგრაციული პროექტის არსი, რომლის გონივრული ალტერნატივა არ მეგულება.   რუსეთში სპორტი უყვართ, მაგრამ თუ რუსეთის იმპერია თავის თავს უწინდებურად რუსეთის ფედერაციად მოიხსენიებს, თავის წარმომადგენლობას საქართველოში - სექციად, ხოლო იმპერატორ პუტინს - პრეზიდენტად, რაც სააკაშვილის შემდეგ ყველასთვის რეზიდენტთან ასოცირდება, ის ქართველი მთავრების შეცდომას ჩაიდენს, რომლებიც მონღოლ-თურქ-სპარსელების ლაშქრობების დროს თავთავიანთ ციხესიმაგრეებში აფარებდნენ თავს და შემდეგ მათ ასევე ცალ-ცალკე, ერთმანეთის მიყოლებით ანადგურებდნენ! თუ ცხოვრობ პრინციპით „ეს მე არ მეხება“, მაშინ არ უნდა გაგიკვირდეს, თუ შენს ზღურბლს, ანუ - შენს საზღვარს მტერი მოადგება! ამიტომ რუსეთისთვის აჯობებს, საზღვრის პერიმეტრზე მეგობრების გარემოცვა შეიქმნას და არა ბუფერული ზონები, და ამით ნატო შორეულ მიდგომებზე ჰყავდეს!

      • რაზე შეიძლება მოილაპარაკონ ვაშინგტონმა და მოსკოვმა საქართველოსთან მიმართებაში?

გადაწყვეტილება „საღამომდე“ უნდა მივიღოთ, რადგან როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ხაზგასმით აღნიშნა, „დრო ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს“. ეს უკანასკნელი შანსია: თუ თბილისი მოსკოვს ამჯერადაც არ მოელაპარაკება და კინკლაობას განაგრძობს, რუსეთისა და აშშ-ის ამოცანები საქართველოში, თუნდაც ცოტა ხნით, მაგრამ ისევ დაემთხვევა, ხოლო ეს, ჩვეულებრივ, როგორ მთავრდება, ამ პუბლიკაციის დასაწყისშივე წაიკითხეთ. ამ შემთხვევაში ნატო მიიღებს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ამ უკანასკნელებს კი რუსეთი წაიღებს.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი 
2018 წლის 7 თებერვალი
საქართველო, თბილისი