გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო (ვიდეო)
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო (ვიდეო)

     საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს ქართულ დელეგაციას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ევროპულ საბჭოში გაიმართა (ვიდეო იხ. აქ).
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი უკვე ევროპულ საბჭოში იმყოფება, სადაც მას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი სამუშაო საუზმეზე უმასპინძლა.
საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრაზე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესი განიხილება. ასევე, საუბარი შეეხება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებულ დღის წესრიგს, რომელიც მოიცავს პრიორიტეტებს 2020 წლამდე.
პლენარული სხდომის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან. ასევე, ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ მინისტრთა კაბინეტის წევრები.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, არიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი.