სამართალი
საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო

     საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალი ეტაპი. დაწყებულია სტრუქტურული და შინაარსობრივი რეფორმის განხორციელება.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია: შინაგან საქმეთა სამინისტროში გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, გავხადოთ ქართული პოლიცია კიდევ უფრო ეფექტიანი. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს, მათ შორის, საპატრულო პოლიციის შემდგომ რეფორმირებას, კრიმინალური პოლიციის კომპლექსურ რეფორმას და საზღვრის ინტეგრირებულ მართვას. ამ რეფორმების გარკვეული ნაწილი უკვე დაწყებულია, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპატრულო პოლიციაში, სტრუქტურული რეფორმებისათვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და თბილისის მთავარ სამმართველოში გამოყოფილია 5 ტერიტორიული სამმართველო, რომელთა გამოყოფამაც კიდევ უფრო გაზარდა მართვის ხარისხი და ოპერატიული რეაგირების სისწრაფე.
მინისტრის განცხადებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადავიდა უკონტაქტო პატრულირება და გაიზარდა ქვეითი პატრულ-ინსპექტორების რაოდენობა.
ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვქმნით მოქალაქეების მომსახურების ერთიან ცენტრს. ეს იქნება გარკვეული საპოლიციო სერვისების ერთ ადგილზე ინტეგრირებული პლატფორმა, ერთი ფანჯრის პრინციპით, ჩვენი მოქალაქეებისთვის, - აღნიშნა გახარიამ.
ასევე დაიწყო გარემოსთან მეტად თავსებადი ავტომანქანებით ავტოპარკის განახლების პირველი ეტაპი. საქართველოს პოლიციის ავტოპარკი განახლდა 96 ჰიბრიდული და ელექტროავტომობილით, რომელთაგან 45 ჰიბრიდული ავტომობილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.