„კანონიერი ქურდობა“ 9-დან 15 წლამდე პატიმრობით დაისჯება
სამართალი
„კანონიერი ქურდობა“ 9-დან 15 წლამდე პატიმრობით დაისჯება

     საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. ვიცე-პრემიერმა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე წარადგინა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც მთავრობამ უკვე დაამტკიცა და განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც ე.წ. ქურდულ სამყაროსთან მიმართებაში დასჯადი პირების წრე ფართოვდება.
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, „კანონიერი ქურდობისთვის“ სასჯელი 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება, ნაცვლად ამჟამად მოქმედი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთისა.
უწყების ცნობით, ცვლილებები ასევე გავრცელდება „ქურდული სამყაროს“ წევრობაზე, რაც არა 5-დან 8 წლამდე, არამედ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსში და ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონში წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის; აფართოებს სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს.
კერძოდ, დანაშაულად ცხადდება:
ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა – სისხლის სამართლის წესით დაისჯება ნებისმიერი პირი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრს ან კანონიერ ქურდს მიმართავს დავის მოგვარების ან/და გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით;
ქურდული სამყაროს მხარდაჭერა – ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უწყობს ქურდული სამყაროს საქმიანობის განხორციელებას;
ქურდული შეკრების ორგანიზება ან მასში მონაწილეობა – თუ აქამდე არსებული კანონმდებლობით ამგვარი შეკრების ორგანიზებისთვის მხოლოდ კანონიერი ქურდები ან ქურდული სამყაროს წევრები ისჯებოდნენ, კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დაისჯება ნებისმიერი პირი, რომელიც, ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა/გადაწყვეტის მიზნით, მსგავს შეკრებას ორგანიზაციას გაუწევს ან მასში მონაწილეობას მიიღებს.

www.police.ge