სამართალი
2017 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო რეგიონში კვლავ პირველია

     საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. 2017 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, მსოფლიოს 113 ქვეყანას შორის საქართველო 0,61 ქულით 38-ე ადგილს იკავებს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის.
უწყების ცნობით, რეგიონის 13 ქვეყანას შორის საქართველო პირველია შემდეგ ფაქტორებში: კორუფციის არარსებობა, მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები და აღსრულება (კანონის/გადაწყვეტილების).
ინდექსის თანახმად, საქართველო კორუფციის არარსებობის კომპონენტში 0,71 ქულით რეგიონში - პირველ, ხოლო მსოფლიო რეიტინგში 23-ე პოზიციას იკავებს.
როგორც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, კანონის უზენაესობის შესაფასებლად გამოყენებული ფაქტორების თანახმად, საქართველოს ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს წესრიგისა და უსაფრთხოების ფაქტორის კუთხით, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო რეიტინგში 0,79 ქულით ის 30-ე პოზიციას იკავებს.
2017 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მაჩვენებლებით უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: საბერძნეთი (39), უნგრეთი (50), ბულგარეთი (55), უკრაინა (77) და სხვა.
ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია კვალიფიციურ რესპონდენტთა (ექსპერტთა) და მოსახლეობის გამოკითხვას ეფუძნება. 2017 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, მსოფლიო რეიტინგში ლიდერობს დანია (პირველი ადგილი), ნორვეგია და ფინეთი მე-2 და მე-3 ადგილებს იკავებენ. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ ვენესუელას (113-ე ადგილი), კამბოჯას (112-ე ადგილი) და ავღანეთს (111-ე ადგილი).
1tv.ge