პოლიტიკა
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მოლაპარაკება გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან

     საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, მათ შორის, საქართველოს მხრიდან 2017 წლის ეროვნული პროგრამის შესრულება, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები დემოკრატიულ და თავდაცვის სფეროში. იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის პროგრესი სათანადო ასახვას პოვებს ნატოს 2018 წლის სამიტზე.
მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე პოზიტიური დინამიკა მომავალშიც აქტიურად შენარჩუნდება.
შეხვედრაზე იენს სტოლტენბერგ ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შემქნილ მდგომარეობასა და ბოლო განვითარებებზე. გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პოზიტიურ როლს რეგიონში, და იმ წვლილს, რომელიც საქართველს შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და საქართველოს მონაწილეობას ალიანსის პრაქტიკულ ძალისხმევაში მისი განმტკიცების მიმართულებით.
გამოიხატა მზაობა, გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში.