საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 25%-ის აზრით, საქართველოს მთავარი მეგობარი ამჟამად აშშ-ია.
კვლევაში მონაწილეთა 7%-ის თქმით, მთავარი მეგობარია აზერბაიჯანი, 7%-ის აზრით – უკრაინა, 6% თურქეთს ასახელებს, 6% – რუსეთს, ხოლო 25%-მა არ იცის, ვინ არის ამჟამად საქართველოს მთავარი მეგობარი.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი მტერი ამჟამად რუსეთია.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითი გამოკითხვის “კავკასიის ბარომეტრი 2017“ წლის შედეგები დღეს წარადგინა. პრეზენტაცია მოსახლეობის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზეა ფოკუსირებული.
კვლევაში წარმოდგენილია მოსახლეობის პოზიცია - რომელი ქვეყანა აღიქმება ხალხის მიერ საქართველოს მეგობრად და რომელი მტრად, რომელ გაერთიანებაში გაწევრიანებას უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობა – ევროკავშირში, ნატოსა თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში.
„კავკასიის ბარომეტრი“ ერთადერთი გამოკითხვაა, რომელიც საქართველოში 2008 წლიდან - ყოველწლიურად, 2013 წლიდან კი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და აღწერს საქართველოს სრულფასოვანი მოსახლეობის შეხედულებებს საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკაზე.