უცხოეთი
აშშ პოლონეთს მოუწოდებს, ჰოლოკოსტში პოლონელების მონაწილეობის უარყოფის შესახებ კანონს გადახედოს

     საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. აშშ მოუწოდებს პოლონეთს, ჰოლოკოსტში პოლონელების მონაწილეობის უარყოფის შესახებ მიღებულ კანონს გადახედოს.
აშშ-ის საგარეო უწყებაში შეშფოთებულები არიან იმ შედეგებით, რომელიც შეიძლება ამ კანონმა გამოიწვიოს. საქმე ეხება რეგულაციას, რომელის მიხედვითაც, იმ პირებს, ვინც პოლონელების ჰოლოკოსტში მონაწილეობის შესახებ ისაუბრებს, სამი წლით პატიმრობა დაემუქრება.
„პოლონეთის ხელისუფლებამ უნდა გამოიკვლიოს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ კანონს სიტყვის თავისუფლებისთვის და როგორ აისახება ის აშშ-სთან პარტნიორულ ურთიერთობებზე“, – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.
პრესსპიკერ ჰიზერ ჰაურეტის თქმით, ვაშინგტონში იზიარებენ მოსაზრებას, რომ ისეთმა ფრაზებმა, როგორიცაა „პოლონური სიკვდილის ბანაკები“, შეიძლება შეცდომა გამოიწვიოს და ზოგიერთ შემთხვევაში, ტკივილი მიაყენოს პოლონელებს, თუმცა ამავე დროს, ახალმა კანონმა შეიძლება ხელი შეუშალოს სამეცნიერო დისკუსიებს. მისივე თქმით, ეს აუცილებლად აისახება აშშ-სთან და ისრაელთან პოლონეთის ურთიერთობებზე.
„ჩვენს შორის უთანხმოებით, ჩვენი მეტოქეები ისარგებლებენ“, – განაცხადა ნაუერტმა.
მანამდე პოლონეთის სენატში მიღებული კანონი ისრაელის ხელისუფლებამაც მკაცრად გააკრიტიკა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ პროექტში მოცემული ფორმულირების შეცვლა მოითხოვა. ამის შემდეგ, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ განაცხადა, რომ კანონპროექტს დეტალურად შეისწავლის და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერს ხელს.
პოლონეთის პარლამენტის ორივე პალატამ კანონპროექტი უკვე დაამტკიცა. ის ასევე ეხება უკრაინელი ნაციონალისტების მიერ პოლონელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების უარყოფას და ამ შემთხვევაშიც სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს.

1tv.ge