უცხოეთი
ტრამპმა გუანტანამოს ციხის დახურვის შესახებ ობამას ბრძანებულება გააუქმა

     საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა წინამორბედის, ბარაკ ობამას ბრძანებულება, კუბაზე გუანტანამოს ციხის დახურვის თაობაზე. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული.
თეთრ სახლში განმარტავენ, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობის მოქმედებები გუანტანამოში კანონიერი და უსაფრთხოა.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების მოტივად ტერორიზმთან ბრძოლა სახელდება.
გუანტანამოს ციხე 2002 წელს ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის დროს დაარსდა. სპეციალურ სატუსაღოში ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილებს ათავსებდნენ. ციხეში ხვდებოდნენ ეჭვმიტანილები მთელი მსოფლიოდან. ციხის არსებობას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ. ბარაკ ობამამ ციხის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მისი სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა, მხოლოდ პატიმრების რაოდენობის შემცირება შეძლო.
გუანტანამოს ციხის შენარჩუნება დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებებში შედიოდა.

1tv.ge