უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - საწყენია, რომ აშშ-ის „შავ სიაში“ არ მოვხვდი

     საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ „შავი სიის“ გამოქვეყნებას.
ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ნდობით აღჭურილ პირებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, საწყენია, რომ თავად შავ სიაში არ მოხვედრილა.
ამასთან, რუსეთის პირველმა პირმა სახაზინო დეპარტამენტის ქმედებას „არამეგობრული აქტი“ უწოდა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ე.წ. კრემლის სიის თითოეული ფიგურანტის უკან რუსეთის რიგითი მოქალაქეები დგანან.
„გამოდის, ამ სიაში ქვეყნის მთელი მოსახლეობა შეიყვანეს“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ამგვარი ქმედებები საერთაშორისო ურთიერთობებს აზარალებს.
მისი თქმით, მოსკოვი დაინატერესებულია ვაშინგტონთან ურთიერთობების განვითარებით.
ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსეთი შიდა საქმეებით უნდა დაკავდეს, კერძოდ, ეკონომიკით, სოფლის მეურნეობით, ჯანდაცვითა და თავდაცვისუნარიანობით.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების „შავი სია“ გამოაქვეყნა.
ნუსხაში ის პირები არიან ჩამოთვლილი, რომელთა წინააღმდეგაც, შესაძლოა, სანქციები დაწესდეს. სიაში სულ 210 პირია, მათ შორის 114 რუსი პოლიტიკოსი და 96 ბიზნესმენი.

1tv.ge