სამართალი
საქართველოს შსს „კანონიერ ქურდებსა“ და ქურდულ მენტალიტეტს ომს უცხადებს

      საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც ე.წ. ქურდულ სამყაროსთან მიმართებაში დასჯადი პირების წრე ფართოვდება. როგორც ნათია მეზვრიშვილმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული სამყაროს წევრისთვის, ასევე კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს.
შსს განაგრძობს ინტენსიურ ღონისძიებებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საკანონდებლო ცვლილებები იგეგმება, რის შესახებაც გვსურს, რომ საზოგადოებას ვაცნობოთ. შსს-მ უკვე მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას და ქურდული სამყაროს წევრისთვის, ასევე კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს, ასევე ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობასა და კანონიერი ქურდობისთვის. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი შესაბამის უწყებებში”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
1tv.ge