დღეს სოჭში სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესის ძირითადი სამუშაო დღეა
პოლიტიკა
დღეს სოჭში სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესის ძირითადი სამუშაო დღეა

      საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, გუშინ სოჭში გაეროს დელეგაცია ჩავიდა სირიის საკითხებში გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენლის სტაფან დე მისტურას ხელმძღვანელობით. სოჭში, სადაც გუშინ მოსამზადებელი ღონისძიებები გაიმართა, იმყოფება, ასევე, ფორუმის 1600 მონაწილე სირიიდან, მთავრობის წევრებისა და ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფების ჩათვლით. დამკვირვებლებად მიწვეული არიან გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების, აგრეთვე, ეგვიპტის, იორდანიის, ერაყის, ლიბანის, საუდის არაბეთისა და ყაზახეთის წარმომადგენლები.
2011 წელს კონფლიქტის დაწყების შემდეგ ეს მოლაპარაკების ერთ მოედანზე მონაწილეთა უპრეცედენტოდ ფართო შემადგენლობის პირველი შეხვედრაა. კონგრესი მოწოდებულია, დაიწყოს სირიის ახალი კონსტიტუციის შემუშავების პროცესი, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს პრეზიდიუმი, უმაღლესი კომიტეტი, ორგკომიტეტი და სამი კომისია, საკონსტიტუციოს ჩათვლით.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან რუსეთი, ირანი და თურქეთი, როგორც სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესახებ ასტანის შეთანხმებათა გარანტი ქვეყნები.