პუბლიკაციები
“Aangename Kennis!”: საქართველო ბურების მოლოდინში…

buriiსამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან 40 ათას ოჯახზე მეტი საქართველოში ჩამოსახლდება. 

თავის სამშობლოში ბურები თავს ცუდად გრძნობენ, ძალიან ცუდად... მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში ფერადკანიანთა უმრავლესობა მოვიდა, ტრანსვაალელი ფერმერების ხელმძღვანელის თქმით, 3000–ზე მეტი ბური მოკლეს! მათ მიწებს ართმევენ ადგილობრივი მოსახლეობის სასარგებლოდ, რომელიც, სხვათა შორის, არაფერს აწარმოებს და, რაც მთავარია, არც სურს, რომ აწარმოოს. ფერმერებმა კი რა ქნან მიწის გარეშე?! გამოსავალი ერთია – საქართველოში გადასახლება, სადაც მათ მოქალაქეობაც აღუთქვეს და უფასო მიწებიც! ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს.

ჯერ კიდევ ამა წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფერმერებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ბურების 41 ათას ოჯახს აერთიანებს (150 ათას კაცამდე). ამ დოკუმენტის თანახმად, ტრანსვაალელი ფერმერები თავიანთ სასოფლო–სამეურნეო ბიზნესს საქართველოში გადმოიტანენ.

 

სავარაუდოდ, ისევე, როგორც სამშობლოში, ბურები საქართველოში ბობოქარ საქმიანობას გააჩაღებენ მევენახეობისა და მეცხოველეობის სფეროებში. ერთ–ერთმა მათგანმა, უილიამ დე კლერკმა უკვე მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. „საქართველოს მთავრობის იდეა ფერმერთა აქ ჩამოყვანის შესახებ ძალიან კარგია. ისინი ბევრ სარგებლობას მოუტანენ საქართველოს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვითარება დღითიდღე უარესდება. თუ საქართველოში ფერმერი–ბურების პირადი უსაფრთხოება და საკუთრება გარანტირებული იქნება, ეს საქმე წარმატებულად წარიმართება“, – ირწმუნება დე კლერკი.

აქაოდა, გამოცდილება დიდია და საერთაშორისო ბაზარზეც შესაბამისი რენომე არსებობს – სწორედ ისინი აწარმოებენ მსოფლიოში ცნობილ სამხრეთაფრიკულ ღვინოს. „ბევრი სამხრეთაფრიკელი ფერმერი უკვე გადასახლდა ავსტრალიასა და კანადაში, რატომ არ უნდა იმუშაონ ჩვენთან?“ – რიტორიკულ კითხვას სვამს მინისტრის მოადგილე დიასპორის საკითხებში, ნიკა ავალიანი.

ოქტომბრის დასაწყისში ტრანსვაალელ ფერმერთა დელეგაცია საქართველოში ახალი სამშობლოს დასათვალიერებლად ჩამოვიდა. მის წევრებს აჩვენეს მიწები, რომლებიც, სავარაუდოდ, მათ მფლობელობაში მოექცევა. შემდეგ ისინი ოფიციალურ პირებს შეხვდნენ, გაეცნენ საერთო მდგომარეობას საქართველოში. უფრო მეტიც, გარკვეულწილად ადაპტირებაც მოახდინეს – მონაწილეობა მიიღეს რთველში, დააგემოვნეს „საფერავი“ და უქმეებზე ქართველ ჩინოვნიკებთან ერთად რაგბის მატჩიც გამართეს. სხვათა შორის, კახეთში, რთველში, ჰოლანდიელ დევნილთა შთამომავლებს საქართველოს პირველი ლედი, წარმოშობით ჰოლანდიელი სანდრა რულოვსიც ახლდა. მთელი ვიზიტი ვიდეო კამერით გადაიღეს, რათა ფერმერთა ასოციაციის ყველა წევრი თავად დარწმუნებულიყო, რა სტუმართმოყვარე და კეთილნაყოფიერი ქვეყანაა საქართველო. სტუმრები ნანახითა და გაგონილით ერთობ კმაყოფილი გაემგზავრნენ უკან.

საქართველოს ზოგიერთმა მოქალაქემ კი აშკარა უკმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ ქვეყნის მოსახლეობა ბურების ჩამოსახლების ხარჯზე უნდა გაიზარდოს. კერძოდ, ლეიბორისტებმა ამაში ხელისუფლების მიერ „ანტიეროვნული პოლიტიკის“ გაგრძელება დაინახეს. ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა გიორგი გუგავამ თავის პრესკონფერენციაზე პირდაპირ განაცხადა: „რეჟიმი ქართული თვითმყოფადობის ენობრივი და კულტურული განადგურების პოლიტიკას აგრძელებს და, მრავალრიცხოვანი დამპყრობლების მსგავსად, ქვეყნის ეთნიკურ–ტერიტორიული ექსპანსიის განხორციელებას აპირებს“.

უფრო მეტიც, მას მიაჩნია, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ფერმერთა ოჯახების ჩამოსახლება ემსახურება ჩვენი ქვეყნის მტერთა ინტერესებს – საქართველომ ქართველების გარეშე იარსებოს. ოპოზიციონერის თქმით, უკვე მომზადებულია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ქართველ გლეხებს დაუმუშავებელი მიწები ჩამოერთმევათ, ხოლო ამ ტერიტორიაზე სამხრეთ–აფრიკელ ბურებს დაასახლებენ. „თუ ხელისუფლებას ნამდვილი გლეხური ბუნტის მიღება არ უნდა, მაშინ ხალხისგან მიტაცებული და მითვისებული მილიონები უნდა დააბრუნოს და დაუმუშავებელი მიწების მოსავლელად გადასცეს!“ – აღნიშნა მან.

რატომ ასე კატეგორიულად? ბოლოს და ბოლოს, ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც საქართველო აპირებს, არც უნიკალურია და არც ექსტრავაგანტური. ოდესღაც რუსეთმაც შეიფარა ევროპელი დევნილები, რომლებმაც, სხვათა შორის, მის მიწაზე სანიმუშო გლეხური მეურნეობები შექმნეს. დიდი ბრიტანეთიც იფარებს ფერადკანიანი უმრავლესობისგან შევიწროებულ ზიმბაბველ ფერმერებს. ასეთი მაგალითი ბევრია. მაგრამ ეს ყველაფერი ადგილობრივი მოსახლეობის საზიანოდ არ ხდებოდა...

ვფიქრობ, ჩვენს შემთხვევაშიც არაფერი ცუდი არ მოხდება – ქართველ გლეხებს მიწებს არავინ წაართმევს. სხვაგვარად ჩვენი ხელისუფლება თავის სამხრეთაფრიკელ კოლეგებს ნამდვილად უკან ჩამოიტოვებს: ისინი საკუთარ და არა გარეშე ინტერესებზე მაინც ზრუნავენ. მერედა, რა უნდა ქნან ქართველმა მევენახეებმა – აფრიკაში გადასახლდნენ?! იქაც არავინ მიიღებს – ისინი ხომ თეთრკანიანები არიან! ასე რომ, აფრიკაში არაფერი ესაქმებათ...

ქართული თვითმყოფადობის ენობრივი და კულტურული განადგურების პოლიტიკის გატარების ბრალდებაც გარკვეულწილად გაზვიადებულია. მომკალით და არ მჯერა, რომ ბურების ჩამოსვლის შემდეგ ყველანი აფრიკაანსზე – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 11 ოფიციალურ სახელმწიფო ენათაგან ერთ–ერთზე – ავმეტყველდებით, რომელიც ძალიან წააგავს ჰოლანდიურს, თუმცა გვარიანად არის „შელახული“ ადგილობრივი დიალექტებით. მაგრამ, ყოველი შემთვევისთვის, მხედველობაში იქონიეთ: თუ თქვენს სოფელში აფრიკანერს, ანუ ბურს შეხვდებით და ის გეტყვით „Goeiemiddag“, რაც მის ენაზე “გამარჯობას“ ნიშნავს, ზრდილობიანად მიუგეთ: „Aangename Kennis!“, ანუ “მოხარული ვარ თქვენი გაცნობით!“. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, ნამდვილად გიხარიათ თუ არა. მთავარია, – ეტიკეტი დაიცვათ...

ხუმრობა იქით იყოს და, როგორც ერთი ქართული გამოცემა წერს, ბევრი ადგილობრივი მოსახლე სოფელში, რომელიც თავს გაჭირვებით ირჩენს, სულაც არაა კეთილგანწყობილი. „თუ ხელისუფლებას ნამდვილი გლეხური ბუნტის მიღება არ სურს, უნდა გაჩერდეს, – ამბობს ბაადურ თევზაძე, მევენახე ლაგოდეხის რაიონიდან, – ჩვენ აქ წელებზე ფეხს ვიდგამთ, ისინი კი მზამზარეულზე ჩამოვლენ. მიწაც მათი იქნება, ფულიც და სახლ–კარიც!“

საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი მკითხველს აცნობებს: საქართველოში მოწვეული ბურების რაოდენობა საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქის – ქუთაისის მოსახლეობის რიცხოვნებას აჭარბებს – 123.000 კაცია.