აქტუალური
კარასინი: ჩვენ დაინტერესებული ვართ რუსეთ-საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობის სრული აღდგენით, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ საბედისწერო გადაწყვეტილებებზე უარის თქმის ფასად

     საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. მომავალ კვირას პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და რფ-სთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკება გაიმართება. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იქნება საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთების გადაზიდვის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების იმპლემენტაცია. იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ამ ხელშეკრულებების რეალიზაცია, აგრეთვე იმაზე, ვიქონიოთ თუ არა ორ ქვეყანას შორის დიალოგის გააქტიურების იმედი მათი დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მეათე წლისთავზე, გრიგორი კარასინმა „კომერსანტის“ კორესპონდენტ ელენა ჩერნენკოს უამბო.
საქართველოსა და რუსეთს შორის „ღრმა ჩიხის“ შესახებ შეკითხვას კარასინმა ამგვარად უპასუხა:
„რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის სრულფორმატიანი ნორმალიზებისთვის მართლაც არსებობს სერიოზული პოლიტიკური დაბრკოლება. ეს გახლავთ ის, რომ თბილისს ჯიუტად არ სურს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალიების აღიარება და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ თავისი დემონსტრაციული გადაწყვეტილების გადახედვა.
თბილისში უყვართ ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით, პირველ რიგში, იმედოვნებდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმების მიღწევას - და აი, თავიანთ მოლოდინში ვერაგულად არიან მოტყუებული. რა თქმა უნდა, ეს ნამდვილი მზაკვრობაა. როგორც ადამიანმა, რომელმაც ზურაბ აბაშიძესთან ერთად, ორი ქვეყნის ხელისუფლების დავალებით, 2012 წლის დეკემბერში ნორმალიზაციის საკითხებზე დიალოგი დაიწყო, შემიძლია, დავამოწმო: ჩვენ თავიდანვე პატიოსნად გავაფრთხილეთ ქართველი პარტნიორები, არ ჰქონოდათ ილუზია, რომ მათთან ორმხრივი ურთიერთობის აღდგენა რაიმენაირად შეასუსტებს ჩვენს სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას დამოუკიდებელ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ეს პროცესები აბსოლუტურად სხვადასხვა სიბრტყეშია“.