უცხოეთი
სომხეთის პრემიერი - გვინდა, რომ გზა და ტრანზიტი საქართველოს გავლით იყოს სტაბილური

     საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. გვინდა, რომ გზა და ტრანზიტი საქართველოს გავლით იყოს სტაბილური, რადგან ამაზე დიდად დამოკიდებულია ჩვენი ეკონომიკა, – განაცხადა დავოსში მყოფმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა.
პირველი არხი დაინტერესდა, რამდენად რეალურია რუსეთიდან სომხეთში ტვირთების მიწოდება ცხინვალის რეგიონის გავლით.
„ბუნებრივია, ვთხოვთ ჩვენს მეზობლებსა და მეგობრებს, განიხილონ შესაძლებლობა, როდესაც ტვირთების მიწოდებისას წყვეტა არ იქნება – არც ამინდის, არც სხვა მიზეზთა გამო. მაგალითად, 2016 წელს, დეკემბერში, ნახევარი თვე არ გვქონდა ტვირთების მიწოდების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, გვქონდა ასეთი თხოვნა, რომ არ დაგვჭირდეს გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად სხვა ალტერნატივების მოძებნა. ეს როგორც სომხეთის, ისე საქართველოს ინტერესებშია“, – განაცხადა კარაპეტიანმა.
უშუალოდ ცხინვალის რეგიონის გავლით ტვირთების გატარების შესაძლებლობებზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საუბარი არ ისურვა.
„მე არ ვიცი, რამდენად არის ეს შესაძლებელი. ჩვენი თხოვნა მხოლოდ ალტერნატიული გზების მოძიებაში მდგომარეობს“, – დასძინა კარაპეტიანმა.
სომხეთის დელეგაცია დავოსის ფორუმში ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ მონაწილეობს.

1tv.ge