აქტუალური
ნორვეგიამ საქართველოსთვის 4-მილიონიანი გრანტი დაამტკიცა

      საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობის, ნორმატიული ბაზის შემუშავების და კვალიფიციური კადრების მომზადების მიმართულებით ნორვეგიის სამეფო საქართველოს დახმარებას გაუწევს. ამ მიზნით ნორვეგიამ 4 მილიონი დოლარის ღირებულების გრანტი გამოყო, რომელსაც საქართველო შემდეგი 4 წლის განმავლობაში მიიღებს. ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
უწყების ცნობით, აღნიშნული გრანტით ნორვეგიის ქალაქ ტრონდჰეიმის ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გაივლიან სამაგისტრო პროგრამას ჰიდროინჟინერიაში. პირველი სტუდენტები ნორვეგიაში უკვე მიმდინარე წელს გაემგზავრებიან.
გარდა ამისა, ხუთი მოკლევადიანი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ჩატარდება საქართველოს რამდენიმე საჯარო უწყების თანამშრომლებისთვის, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ.