საზოგადოება
აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან „რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლისთვის“ გამოყოფილი გრანტების კვალდაკვალ საქართველო მიიღებს გრანტს ევროკავშირიდან სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

      საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, საქართველოში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებისგან გრანტები შემოდის „რუსულ პროპაგანდასთან“ საბრძოლველად, რამაც პოტენციურ გრანტის მიმღებებს - „ენჯეოებსა“ და ქართულ მედიად შენიღბულ ასეთსავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის სასტიკი კონკურენცია გამოიწვია. ანგაჟირებული პუბლიკა კონკურსში გასამარჯვებლად ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილი და საყოველთაო ავტორიტეტის მქონე მოღვაწეების მიმართ „ФСБ-ზე მუშაობაში“ ლიტონ ბრალდებებსაც კი არ ერიდება. მაგრამ მათ მდარე „შეთქმულების თეორიებს“ და „ჟურნალისტურ გამოძიებებს“ სიამოვნებით იღებენ ისეთივე პრიმიტიული აზროვნების მქონე დასავლელი გრანტის მიმცემები, როგორიც მათ ქართველ პარტნიორებს აქვთ.
საბედნიეროდ, საქართველოში სხვა გრანტებიც შემოვა, რომლებიც ქვეყნისთვის მართლაც სასარგებლო იქნება. მაგალითად, საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის მიერ 12 მილიონი ევროთი დაფინანსებული პროექტი განხორციელდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის შეთანხმებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე მოაწერენ ხელს.
პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და ხელშეწყობა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მესამე ეტაპის ფარგლებში განხორციელდება.
პროექტი ითვალისწინებს FAO-ს მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერას ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებასა და „სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის (2015-2020)“ განხორციელებაში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის საპილოტე სასოფლო-სამეურნეო პროგრამა, მათ შორის, განხორციელდება გრანტების გაცემა ფერმერების, კოოპერატივებისა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.