აქტუალური
დაგროვებითი საპენსიო სისტემის ადმინისტრირებისა და მართვის მიზნით საქართველოში საპენსიო სააგენტო შეიქმნება.

      საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. შესაბამისი ცვლილებები შედის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში, რომლის ავტორი მთავრობაა.
ცვლილებების მიხედვით, სისტემის ადმინისტრირების ერთ-ერთი საშუალება შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა იქნება, რისი გამოყენებითაც საპენსიო სააგენტო მონაწილეთა საპენსიო სქემაში გაწევრიანების ტექნიკურ მხარდაჭერას მოახდენს, საპენსიო შენატანების ადმინისტრირებას განახორციელებს და თითოეული მონაწილისთვის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს შექმნის.
რაც შეეხება სააგენტოს ფორმირებასა და სტრუქტურას, ცვლილებებით, საპენსიო სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება. მისი უმაღლესი მართვის ორგანო სამეთვალყურეო საბჭო იქნება.
პროექტით, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში წარმოდგენილი იქნებიან – საქართველოს მთავრობის სამი წევრი და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე. სამეთვალყურეო საბჭო კონკურსის წესით დანიშნავს სააგენტოს დირექტორს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სააგენტოს ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებაზე, ბიუჯეტის დაგეგმვასა და მესამე მხარეებთან ურთიერთობაზე, რასაც იგი სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით განახორციელებს.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით, საპენსიო აქტივების კეთილსაიმედო ინვესტირების მიზნით, სააგენტოში საინვესტიციო საბჭო შეიქმნება, რომელიც საინვესტიციო პოლიტიკას თვითონ განსაზღვრავს. აღნიშნული საბჭო ხუთი წევრისგან დაკომპლექტდება, წევრობის კანდიდატებს კი საქართველოს პარლამენტი აირჩევს.
პროექტში ნათქვამია, რომ საინვესტიციო საბჭო პასუხისმგებელია როგორც საინვესტიციო სამსახურისა და უფროსი საინვესტიციო ოფიცრის საქმიანობის, ასევე აქტივების მმართველი კომპანიების საქმიანობის მონიტორინგზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს საპენსიო აქტივების მართვის დაცვა.
რაც შეეხება საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ კიდევ ერთ საკითხს – საპენსიო აქტივების ინვესტირებას, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ამ პროცესში ჩართული იქნება სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელიც საპენსიო აქტივების შენახვას უზრუნველყოფს. კანონპროექტი იმ ძირითად აქტივებსაც განსაზღვრავს, რომლებშიც შეიძლება ინვესტირება განხორციელდეს.
კერძოდ, საპენსიო სააგენტოს მიერ საპენსიო აქტივები შეიძლება ინვესტირებული იქნეს შემდეგი კლასის აქტივებში – ფულადი სახსრები, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, ადგილობრივი მთავრობის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, საწარმოთა ფასიანი ქაღალდები (რომლებიც განთავსებულია საფონდო ბირჟაზე საჯარო შეთავაზების გზით), საინვესტიციო ფონდები, ღია საფონდო ინსტრუმენტები, ჩამოყალიბებული და რეგულირებული საქართველოში და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული სხვა ფინანსური ინსტრუმენტები.
ცვლილებებით, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილეს შეუძლია, საკუთარ საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო აქტივი მთლიანი თანხის ერთჯერადი ან პროგრამული გადახდის ფორმით მიიღოს. გარდა ამისა, მონაწილეს შეუძლია, მოითხოვოს მის საპენსიო ანგარიშზე რიცხული აქტივების გადატანა მის მიერ არჩეული სადაზღვევო კომპანიის მიერ დაფუძნებულ დამატებით კერძო საპენსიო სქემაში.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებებით, საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებულ საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობს.
მთავრობამ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს წარუდგინა. მთავრობის განცხადებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს, დანაზოგი შექმნას, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირ პროპორციული იქნება და მას საშუალებას მისცემს, უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი მიიღოს.