ვინც ქართულ მასმედიას იცნობს, თვალყურს ადევნებდა ბეჭდური მედიის პუბლიკაციებსა თუ ტელერადიომაუწყებლობას, შეუძლებელია, არ იცოდეს, რა არის საქინფორმი, როგორი იყო მისი მაუწყებლობის მასშტაბები და ხარისხი.
ცოტაოდენი ისტორია: საქინფორმი, როგორც რუსეთის სატელეგრაფო სააგენტოს საერთოკავკასიური სამმართველოს განყოფილება, 1921 წელს დაარსდა. ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1923 წლის 6 მარტის დადგენილებით, ის ამიერკავკასიის სატელეგრაფო სააგენტოდ გადაკეთდა, ხოლო 1936 წლის ბოლოს ქართული სატელეგრაფო სააგენტო (გრუზტაგი) ეწოდა, რომელიც საბჭოთა კავშირის სატელეგრაფო სააგენტოს საზღვარგარეთული და საკავშირო სამსახურის (ტასი) შემადგენლობაში შედიოდა.
1972 წლიდან ის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საინფორმაციო სააგენტო საქინფორმია, რომელიც 1990 წელს ეროვნულ საინფორმაციო სააგენტო “საქართველოდ” გადაკეთდა.
საქინფორმი, უწინარეს ყოვლისა, მუდამ ხელისუფლების ოფიციალური მედიაორგანო იყო: იგი რესპუბლიკურ, საოლქო, საქალაქო და რაიონულ გაზეთებს აწვდიდა მასალებს ქვეყნის ოფიციალურ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე, შინაარსობრივად მაღალხარისხიანსა და მდიდარ ინფორმაციას თითქმის ყველა საკითხზე, რაც მოსახლეობის სხვადასხვა ფენასა და წრეს აინტერესებდა.
საქინფორმი, ასევე, იყო საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკების მაუწყებლობებისთვის საქართველოს ცხოვრების შესახებ ძირითადი საინფორმაციო წყარო. მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა მსოფლიოს უდიდეს საინფორმაციო სააგენტოებთან – საკდესთან (დღეს მას იტარ-ტასი ჰქვია), ასოშიეიტედ პრესთან, ფრანს პრესთან, სინხუასთან და სხვ. ამ და სხვა სააგენტოებს ხშირად გამოუქვეყნებიათ და გადაუციათ თავიანთი ქვეყნის გაზეთებისთვის საქინფორმის მიერ მომზადებული მასალები საქართველოს შესახებ.
გარდა საკუთარი ინფორმაციებისა, საქინფორმი იღებდა მასალებს სსრ კავშირისა და საზღვარგარეთის ქვეყნების თაობაზე და გადასცემდა მათ საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.
საქინფორმის მრავალმხრივ საქმიანობაზე მეტყველებდა მისი მთავარი რედაქციების სახელწოდებანიც: რესპუბლიკური ინფორმაციის, საკავშირო ინფორმაციის, უცხოეთის ინფორმაციის, ფოტოინფორმაციისა და ფოტოწარმოების რედაქციები, მთარგმნელობითი სამსახური და სხვ. არსებობდა სპეციალური სამსახური რაიონული გაზეთებისთვის, რომლებსაც, საფოსტო საშუალებების გარდა, ინფორმაცია რადიოს მეშვეობით გადაეცემოდა.
ინფორმაციის გაცვლის კომპიუტერული სისტემის დამკვიდრებამდე საკავშირო და უცხოეთის სააგენტოებთან, საქართველოს რესპუბლიკურ და საოლქო გაზეთებთან კავშირი სატელეტაიპო იყო.
საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გამოყენებული და გადაცემული ოფიციალური მასალები – პარტიის ყრილობების, მთავრობის სხდომების, საქართველოში უცხოეთის დელეგაციების ყოფნის ანგარიშები, ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებები, კანონები და ა.შ. - მთლიანად, თითქმის 100 პროცენტით, საქინფორმის მომზადებული იყო. ამასთან, საქინფორმს უფლება ჰქონდა, მიეთითებინა მასალის გამოქვეყნების აუცილებლობა, თარიღი და ზოგჯერ ადგილიც კი გაზეთის ფურცლებზე.
გარდა ოფიციალური მასალებისა, საქინფორმი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს გადასცემდა სხვადასხვა საინტერესო მასალასაც – რეპორტაჟებს, ნარკვევებს, ჩანახატებს რესპუბლიკის თვალსაჩინო პიროვნებებზე: მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეეებზე, სპორტსმენებზე, დამკვრელური შრომის გმირებზე და სოფლის მოწინავე მშრომელებზე.
აღსანიშნავია, რომ საქინფორმი არ იფარგლებოდა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებით გაზეთებისა და ტელემაუწყებლობისთვის. ის საზღვარგარეთის წამყვან გამომცემლობებთან მჭიდრო კავშირში ამზადებდა და უმაღლეს პოლიგრაფიულ და მხატვრულ დონეზე გამოსცემდა სხვადასხვა წიგნსა და ბროშურას. მაგალითად, საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილების, ფიროსმანის, გუდიაშვილის, კაკაბაძისა და სხვათა შემოქმედებისადმი მიძღვნილ ფოტოალბომებს. განსაკუთრებული წარმატება წილად ხვდა მთლიანად საქინფორმის კორესპონდენტთა მიერ მომზადებული რეპორტაჟების კრებულს სტიქიური უბედურებების ადგილებიდან, სახელწოდებით “სტიქია და ადამიანები”, სადაც აღწერილი იყო გასული საუკუნის 80-იან წლებში დატრიალებული სტიქიური მოვლენები: მთელი ტირაჟი რამდენიმე დღეში გაიყიდა და დღეს ეს წიგნი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.
საქინფორმი, მიუხედავად მისი წმინდა ოფიციალური დანიშნულებისა, არ ერიდებოდა კრიტიკული მასალების გამოქვეყნებასაც. განსაკუთრებით მწვავე ხასიათი შეიძინა ამან 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებისას – საქინფორმის მიერ იმხანად გამოცემული ბევრი მასალა შემდგომში შევიდა წიგნში „9 აპრილი“.
...და მოხდა ისე, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქინფორმიც იმ სტრუქტურათა რიცხვში აღმოჩნდა, რომლებმაც თანდათან შეწყვიტა არსებობა, რის შედეგადაც დაზარალდა მკითხველიც, მედიაც და ქვეყანაც. რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ დაიკარგა მრავალი ათწლეულის განმავლობაში შეგროვებული უნიკალური ფოტოარქივი, ხოლო საქართველო ამიერკავკასიაში – ერთადერთი, მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებს შორის კი თითქმის ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელსაც ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო არ გააჩნია.
და აი, აღსრულდა, აღდგა საქინფორმი!
რეაქცია
“საქართველოს პრესაში ხშირად იბეჭდებოდა მასალები, რომელთა ავტორიც საქინფორმი – „უსახელო ჯარისკაცი“ იყო! მასალებს გვარები არ ეწერა, თუმცა ბევრმა მკითხველმა იცოდა, ვინ იყვნენ ავტორები. ბევრი იბეჭდებოდა ლიტერატურის, ხელოვნების, კერძოდ, თეატრის თემებზე, თუმცა ჩვენ მაინც ვცნობდით მათ ავტორებს წერის მანერით, სტილითა და ტონით.
მიხარია, რომ საქინფორმი კვლავ დგება ჩვენი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რიგებში”.
გიგა ლორთქიფანიძე,
რეჟისორი, შოთა რუსთაველის, სანდრო ახმეტელის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, სსრკ–ის სახალხო არტისტი, საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე.
“დიდად გამახარა ცნობამ, რომ საქინფორმმა მუშაობა განაახლა. ეს მეტად მნიშვნელოვან მოვლენად მიმაჩნია: ჯერ ერთი, აღდგა დიდი ტრადიციების მქონე საინფორმაციო ორგანო, რომელიც ქვეყნის მემატიანეს წარმოადგენდა თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში - ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს ამ პერიოდის ცხოვრებაში ხომ, უწინარეს ყოვლისა, მის მასალებში აისახებოდა, რომლებიც შემდეგ იბეჭდებოდა გაზეთებში, თანაც ერთდროულად – რამდენიმეში.
მეორეც, საქართველოში აღარ იყო იმ დონის საინფორმაციო სააგენტო, ურომლისოდაც ნებისმიერი შემდგარი ქვეყანა ვერ წარმომიდგენია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქმის ყველა ყოფილმა მოკავშირე რესპუბლიკამ, მართალია, გარკვეულწილად შეცვლილი ფუნქციებით, მაგრამ შეინარჩუნა თავისი საინფორმაციო სააგენტო - არმენპრესი, აზერინფორმი, ბელტა, ყაზტაგი და ა.შ. ჩვენ კი როგორ მოვიქეცით? მოდი, რბილად ვთქვათ, ვერ მოვუარეთ...
და კიდევ, მთელი ჩემი შრომითი საქმიანობის უდიდესი ნაწილი საქინფორმთან იყო დაკავშირებული და ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია...
ერთი სიტყვით, მივესალმები საქინფორმის აღდგენას. იგი დიდ საქმეს აკეთებდა, ემსახურებოდა ქართულ პრესას, ქართველ მკითხველს, მთლიანად საქართველოს.
გზას დაგილოცავ, საქინფორმო!”
ზურაბ ლომიძე,
ჟურნალისტი, საქინფორმის დირექტორის ყოფილი მოადგილე
“რასაკვირველია, ყველა მწერლისთვის ეს სასიხარულო და მისასალმებელი ფაქტია, ისევე, როგორც ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ვინც ამა თუ იმ სახით დაკავშირებულია პრესასთან, ლიტერატურასა და განათლებასთან; ადამიანისთვის, ვინც არ ფიქრობს იმაზე, რომ ხალხი უყურებს რაღაც სისულელეებს, რომლებიც საერთოდ არაფერს იძლევა.
ეს ის ბრენდია, რომლითაც შეიძლება გახვიდე საერთაშორისო არენაზე, გაიტანო შენი კულტურაც, ინტელექტუალური შესაძლებლობებიც, ის გამოჩენილი ხალხი, ის სფეროები, რომლებიც ყოველთვის წინა პლანზე იყო საქართველოში და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დიდ პატივს სცემდნენ ჩვენს ჟურნალისტებს, იმიტომ, რომ ისინი პროფესიონალები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული იყვნენ სხვადასხვა სტრუქტურის, თუნდაც იმ მიმდინარეობის მიერ, რასაც დღესაც ვერ ვიგებ და რასაც სოციალისტური რეალიზმი ჰქვია. რეალიზმი ან არის ან არა, გინდა სოციალისტური დაუძახე, გინდა - ნაციონალური...
ყოველ შემთხვევაში, მე გულწრფელად მივესალმები ამას იმიტომ, რომ კარგად მესმის მისი მნიშვნელობა. პერსპექტივაში სიძნელეებს შეხვდებით, იმიტომ, რომ აქ ღირებულებებზე იქნება ლაპარაკი და იქნება იდეოლოგიური შეჯახებები. პირდაპირ იდეოლოგიურ ფრონტზე გადის საქინფორმი. მიხარია, რომ ასე ჰქვია და ზუსტად აღადგინეთ მისი სახელწოდებაც. და თუ შევძლებ, რასაკვირველია, ვეცდები, ვითანამშრომლო კიდეც თქვენთან”.
რეზო ამაშუკელი, პოეტი
“საინფორმაციო ბრენდის ახალი სიცოცხლე - ეს არის პირველი, რისი სიხარულით თქმაც შეიძლება საქინფორმის აღდგენასთან დაკავშირებით.
უძველეს ქართულ საინფორმაციო სააგენტოს, რომელიც თავის დროზე საინფორმაციო სივრცის ერთ-ერთი ლიდერი იყო და მისი მოცულობის ერთი მეექვსედი ეკავა, რამდენიმე წლის წინათ დაუნდობელი და უსამართლო განაჩენი გამოუტანეს - პრივატიზება და ისტორიისთვის ჩაბარება.
მაგრამ, საბედნიეროდ, მოიძებნენ რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები, რომლებმაც არ დაუშვეს ზოგიერთი ჩინოვნიკის ბოროტი ჩანაფიქრის ბოლომდე აღსრულება.
ჩემი შეხედულებით, მნიშვნელობა აღარ აქვს, რომელ შენობაში განახლდება საქინფორმის ფუნქციონირება. მთავარია, რომ ის კვლავ არსებობს და დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომელთაც ინფორმაციის სფეროში მუშაობის კოლოსალური გამოცდილება აქვთ.
პატივცემულო კოლეგებო, დროსა და მოთხოვნებთან ფეხაწყობით სიარულს, ფაქტის ჟურნალისტიკისა და აზრის ჟურნალისტიკის შერწყმას, შემოქმედებით სიხარულს, წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ”.
ტატო ლასხიშვილი,
გაზეთ “სვობოდნაია გრუზიას”
მთავარი რედაქტორი
2006 წლის 10 აგვისტოს საქინფორმმა არსებობა შეწყვიტა – შპს „ საქართველოს საინფორმაციო სააგენტო საქინფორმი“, რუსთაველის პროსპექტზე მდებარე პრესტიჟული შენობის გამო, რომლის მეოთხე სართულზეც იყო განთავსებული, ინკოგნიტოდ გაიყიდა აუქციონზე 5.050.000 აშშ დოლარად. შემდეგ ხელახლა გაიყიდა ორჯერ უფრო ძვირად, ხოლო დღეს ეს შენობა არქიტექტურის ხელშეუხებელ ძეგლად გამოაცხადეს და მის რესტავრირებას შეუდგნენ...
2010 წლის 10 აგვისტოს დამოუკიდებელი ჟურნალისტების კოლექტივმა აღადგინა საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი, რომლის ვებსაიტზეც www.saqinform.ge წარმოდგენილია ინფორმაციის ფართო სპექტრი ქვეყანასა და საზღვარგარეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ: დღის სიახლეები და ანალიტიკურ–მიმოხილვითი მასალები. ასე რომ, დღეს, 2011 წლის 10 თებერვალს, ზუსტად ნახევარი წელია, რაც ვმუშაობთ ჩვენ, ახალი საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი, რომელიც უწინდებურად მკითხველის სიახლეებით ინფორმირებას ახდენს. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ემთხვევა თუ არა სააგენტოს რედაქციის აზრი ანალიტიკური პუბლიკაციების ავტორთა და ინფორმაციის წყაროთა თვალსაზრისს, რადგან ჩვენი კრედო თავისუფალი ტრიბუნის დათმობაა ყველასთვის, თუნდაც კარდინალურად ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისისთვის, რომელიც მკითხველს დაფიქრების საბაბს აძლევს. დასკვნების გამოტანის პრეროგატივას კი მთლიანად ჩვენს პატივცემულ მკითხველს ვანიჭებთ.
არნო ხიდირბეგიშვილი,
საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი