აქტუალური
აშშ-ში მოკლული ქართველი ექიმის დავით კანდელაკის სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს საქართველო დაფარავს

      საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი.  მოკლულის ახლობლებმა წერილი გამოაქვეყნეს. მათი თქმით, ოჯახს ცხედრის გადმოსვენებისთვის თანხა არ აქვს და მხარდაჭერას ითხოვენ. წერილი სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ინტერნეტ-მომხმარებლები თანხას აგროვებენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს დაუკავშირდა საქართველოს საკონსულო ვაშინგტონში და დავით კანდელაკის გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები უკვე დაწყებულია.
31 წლის ქართველი ექიმი დავით კანდელაკი აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში იპოვეს მოკლული. მასთან ერთად იპოვეს 30 წლის ამერიკელი მამაკაცის ჯოშუა რაისის ცხედარიც. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან არის მოკლული. დავით კანდელაკს მეუღლე და ტყუპი შვილი დარჩა.