აქტუალური
ზურაბ აბაშიძე - კარასინისგან საბაჟო მონიტორინგის შეთანხმების ამოქმედებაზე პასუხს ველოდები

      საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. პრაღაში 31 იანვარს გასამართ მორიგ შეხვედრაზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან 2011 წელს გაფორმებული საბაჟო მონიტორინგის შეთანხმების საკითხს დააყენებს.
ამ თემაზე პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა პირველი არხის დასმული კითხვის საპასუხოდ ილაპარაკა.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებს შორის საბაჟო მონიტორინგის შეთანხმების საკითხიც იქნება. როგორც იცით, ქართულმა მხარემ შვეიცარულ კომპანიასთან კონტრაქტი დეკემბერში გააფორმა, ასე რომ, ახლა რუსეთის ჯერია“, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
რუსეთმა საბაჟო მონიტორიგის შესახებ შეთანხმებას საქართველოსთან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, 2011 წელს მოაწერა ხელი.
ეს ერთადერთი დოკუმენტია, სადაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ამ შეთანხმებით განსაზღვრულია რუსეთ-საქართველოს სავაჭრო კორიდორები, რომლებიც ნეიტრალურმა მონიტორებმა უნდა გააკონტროლონ.
საქართველოს მთავრობამ შვეიცარიულ კერძო კომპანიასთან 2011 წელს გაფორმებული დოკუმენტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებას გასული წლის დეკემბერში მოაწერა ხელი.
კონტრაქტის ამოქმედებამდე ქართული მხარე მოსკოვის თანხმობას ელოდება.
19 დეკემბერს ბერნში, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამავლობით, ქართულ მხარესა და შვეიცარიულ კომპანია SGS-ს (Société Générale de Surveillance SA) შორის მოლაპარაკების დასკვნითი რაუნდი გაიმართა.
შედეგად ხელი მოეწერა კონტრაქტს კომპანია SGS-თან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული მონიტორინგი.