უცხოეთი
ყაზახეთმა ამერიკულ კომპანიებთან 2,5 მილიარდის კონტრაქტები გააფორმა

      საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. ყაზახეთმა ამერიკულ კომპანიებთან 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.
შეთანხმებებს ხელი აშშ-ში ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ვიზიტის ფარგლებში მოაწერეს.
„ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა უამრავ კონტრაქტს, მათ შორის, ახალ შეთანხმებებს Boeing-თან, Chevron-თან, AirAstana-სა და SCAT Airlines-თან და სხვა კომპანიებთან“, – ნათქვამია აშშ-ის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე ამბობენ, რომ ვაშინგტონი და ასტანა აგრძელებენ თანამშრომლობას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში. ორმხირივი ვაჭრობის მაჩვენებლები 1,9 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ვიზიტი აშშ-ში გუშინ დაიწყო და ხუთშაბათამდე გაგრძელდება. 18 იანვარს გაერო-ში უშიშროების საბჭოს წევრების დებატებია დაგეგმილი. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის პოსტი პირველი იანვრიდან ყაზახეთმა დაიკავა.

1tv.ge