პუბლიკაციები
ანზორ მაისურაძე: ნურავის ჰგონია, რომ საქართველოში არ მოქმედებს თურქეთის, ირანის, იმავე აშშ-ის აგენტურა

anzor-maisuradze“საქართველო და მსოფლიოს” წლევანდელ მეორე ნომერში გამოქვეყნებული საუბარი უშიშროების ყოფილ მინისტრთან ანზორ მაისურაძესთან მთავრდებოდა იმით, რომ სუკის ერთ-ერთი ინფორმატორი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან აუდენციაზე მივიდა. რესპონდენტმა მისი ვინაობა არ გაამჟღავნა, მხოლოდ დაადასტურა, რომ ის კაცი დღესაც ცოცხალია. დღევანდელი პუბლიკაცია ამ პასაჟიდან იწყება.

- პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ გამოჩნდა ეს კაცი გამსახურდიას ხელისუფლებაში ან ედუარდ შევარდნაძის პერიოდში თუ მიიქცია ყურადღება?

- (ეცინება) საკმაოდ ცნობილი კაცი იყო, ახლა თავისთვის არის, არ ჩანს.

მაგრამ აგენტურის თემა ზვიად გამსახურდიასთან ურთიერთობაში ამ ერთი შემთხვევით არ ამოწურულა. ხშირად მეძახდა.

- რატომ?

- საიდუმლო სამსახური სახელმწიფოს მეთაურისთვის არის ქვეყნის მართვის ერთ-ერთი ბერკეტი, რომელიც საშუალებას აძლევს, უკეთ გაერკვეს არსებულ პრობლემებში, რათა სწორად წარმართოს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ამიტომ უნდა ფლობდეს მთელ ინფორმაციას. მაგრამ ყველამ, გინდ პრეზიდენტი იყოს, გინდ თანამდებობის პირი, ვისაც აქვს უფლება, გაეცნოს ამ საიდუმლო ინფორმაციას - საიდუმლოება აუცილებლად უნდა დაიცვას!

- და უთხარით ამის შესახებ პრეზიდენტს?

- ეს ჩემი მოვალეობა იყო.

- აღარ დაბრუნებია ამ პრობლემას?

- როგორ არა.

ერთხელ პრეზიდენტმა 30 კაცის სია გადმომცა და მითხრა, რომ ისინი კრემლის და კაგებეს აგენტები არიანო.

- ბატონო პრეზიდენტო, თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ, - ვუპასუხე.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ისინი არ არიან “კრემლის აგენტები”.

- იცი, რას გეტყვი? - მეუბნება, - ახლა მე გამოვალ ტელევიზიით, შენ ჩემ გვერდით იჯდები. მე ვიტყვი, რომ ესენი კაგებეს და კრემლის აგენტები არიან და შენ დამეთანხმები.

უარი ვუთხარი. ამას არ გავაკეთებდი, ყველა მართლაც აგენტი რომ ყოფილიყო. როცა არ არიან, როგორ დავაბრალო?!

- შენი სამსახური ამაზეა დამოკიდებული, - მითხრა მიუკიბავ-მოუკიბავად.

მეც პირდაპირ ვუპასუხე:

- ბატონო პრეზიდენტო, თუ ჩემი სამსახური ამაზეა დამოკიდებული, აქედან პირდაპირ მივდივარ სახლში.

- არა. ერთი კვირის ვადას გაძლევ. მოიფიქრე და ისე გადაწყვიტეო.

- იმავე ჭკუაზე დავრჩები-მეთქი.

- მაინც იფიქრეო.

წამოვედი. ერთი კვირის შემდეგ მირეკავს “ვეჩე” კავშირით:

- მე შენ მატყუებ! ესენი ყველანი კაგებეს აგენტები არიან! სამსახურიდან გაგაგდებ!

მაშინ ვეღარ მოვითმინე და პირდაპირ ვუთხარი:

- არწამსვლელის დედაც...

დავიხურე ქუდი და წავედი. ეს იყო 1991 წლის 2 დეკემბერს. 22 დეკემბერს რა მოვლენებიც განვითარდა, ყველას კარგად მოეხსენება.

- ის სია თავისით არ გაჩნდებოდა...

- იმ დროს ქვეყნის მოღალატედ შერაცხვა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე იყო აყვანილი. ყველა, ვინც ხელისუფლების კრიტიკით გამოდიოდა, ხალხის მტრად ცხადდებოდა, ერის მოღალატედ. ასეთი ხალხის გვარები იყო შეტანილი იმ სიაში.

- ხომ არ დაასახელებთ?

- ახლა ამის დრო არ არის... იმათ ყველანი ძალიან კარგად ვიცნობთ - ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან...

- მოდი ამჟამად დამკვიდრებული კლიშეებით ვილაპარაკოთ: რუსეთის აგენტი მტერია. ამერიკის? ინგლისის? თურქეთის? ისე ხომ არ გამოდის, როგორც ნიკარაგუის პრეზიდენტის, დიქტატორ სომოსას შემთხვევაში, რომელზეც ამერიკელები ამბობდნენ, რომ არის საზიზღარი პიროვნება, “ძუკნისშვილი”, მაგრამ “ჩვენი ძუკნისშვილიაო”?

- დღეს ისეთი ვითარება ჩამოყალიბდა, რომ საქართველო რუსეთთან საომარ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამიტომ რუსეთის აგენტურა, რომელიც, ვთქვათ, საქართველოში მოქმედებს, აღქმულია, როგორც მტრის აგენტურა, მაგრამ ნურავის ჰგონია, რომ საქართველოში არ არის, არ მოქმედებს თურქეთის, ირანის, იმავე აშშ-ის აგენტურა!

- შეიცვალა წყობილება და საქართველო ერთპოლარულ სივრცეში აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, ხომ არ შეიცვალა უშიშროების სამსახურის ორბიტაც? თუ საბჭოთა კავშირის დროს საკავშირო სუკის გარშემო ვტრიალებდით, დღეს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ხომ არ ჩაენაცვლა მას? ორიენტაცია ახლა ამერიკის დაზვერვაზეა?

- საქმე ისაა, რომ ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკური სამსახური აქვს. რაგინდ დამოკიდებული იყო სხვა ქვეყანაზე, არ უნდა აითქვიფო მის სპეცსამსახურში, არ დაკარგო საკუთარი სახე და დამოუკიდებლობა. საიდუმლო არ არის, რომ ჩვენს შემთხვევაში საქართველოს სპეცსამსახურები მჭიდროდ თანამშრომლობენ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან.

- თუ ის, რაც თქვენ საქართველოს სპეცსამსახურების შესახებ თქვით, როგორც აუცილებელი პირობა - საკუთარი სახის შენარჩუნება, ეს სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისთვისაც აუცილებელი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, ალბათ, ლოგიკური იქნება, თუ ვიტყვით, რომ არც ამერიკელები გაგვიხსნიან ყველა კარტს და თავიანთი ქსელის საქმიანობის ნიუანსებს ხელის გულზე არ დაგვიდებენ.

- სავსებით ბუნებრივია, რომ - არა. ასეთია არა მარტო ლოგიკა, არამედ პრაქტიკაც.

- დიპლომატიურ კორპუსში ხომ პრაქტიკულად გაშიფრულია, ვინ ასრულებს სპეცფუნქციებს?

- საქმე ისაა, რომ პრაქტიკულად არ არის გაშიფრული, თუმცა ყველა საელჩოში არის რეზიდენტურა, სადაც მუშაობენ ამ ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლები. მათ დავალებული აქვთ, მოიპოვონ ინფორმაციის წყარო, გადაიბირონ ის პირები, ვინც ფლობს საინტერესო ინფორმაციას, მიაწვდიან მათ ამ ინფორმაციას და იმოქმედებენ ისე, როგორც შესაბამისი ქვეყნის ინტერესები მოითხოვს. საკითხთა-საკითხია, თუ სად უნდა ჰყავდეთ ასეთი აგენტურა? უნდა ჰყავდეთ იქ, სადაც პოლიტიკა იხარშება, ანუ პრეზიდენტის გარემოცვასა და მის კანცელარიაში, პრემიერ-მინისტრის გარემოცვასა და მის კანცელარიაში, პარლამენტში, თავდაცვის სამინისტროში, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამსახურებში, ფინანსთა, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა სამინისტროებში და ასე შემდეგ.

ყველა სპეცსამსახური ცდილობს, რომ თავისი ინფორმატორები სწორედ ამ სტრუქტურებში ჩანერგოს.

- პრეზიდენტის გარემოცვაშიც, ბატონო ანზორ?!

- ნუ გიკვირთ: დიახ, პრეზიდენტის გარემოცვაშიც. გაიხსენეთ, ვინ და როდის განუდგა გამსახურდიას, შევარდნაძეს და დამეთანხმებით.

- შეიძლება იგივე ითქვას ოპოზიციაზე, მთლიანად თუ არა, მის გარკვეულ ნაწილზე?

- დიახ. თანაც, არა საერთოდ ოპოზიციის შემადგენლობაზე, არამედ აქცენტირებულად ოპოზიციის ლიდერებზე. ისინი “მიმზიდველი ობიექტები” არიან დაზვერვისთვის და ამიტომ ცდილობენ, თავიანთ სამსახურში ჩაიყენონ.

- მით უფრო, ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასული და განაწყენებული ლიდერები?

- დიახ.

- კიდევ ერთ პრობლემაში გაგვარკვიეთ, თუ შეიძლება: პარტიული ფუნქციონერები და აგენტურა. ახლა პარტიულ მოღვაწეებს აგენტებთან აიგივებენ.

- პარტიული ფუნქციონერების გადაბირება კანონით იყო აკრძალული. დაშვებული იყო მხოლოდ სახელმწიფოს დაზვერვის ინტერესების აუცილებლობის შემთხვევაში. პარტიული ფუნქციონერების აგენტებთან გაიგივება ისტორიულ რეალობას მოკლებულია.

უფრო მეტიც, საქართველოდან უშიშროების არქივის მასალების სმოლენსკში გატანის შედეგად ქვეყანაში არ არის დოკუმენტაცია, რომლითაც შეიძლება ვინმეს აგენტობა დაუმტკიცონ, ან - ძალიან ძნელი მოსაპოვებელია. სიის მიხედვით, ჩამონათვალში დასახელებული გვარით ადამიანს ვერ დაუმტკიცებ, რომ იგი უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო ან არის.

- ირანთან უვიზო მიმოსვლის დაწესებას, უშიშროების სამსახურის თვალთახედვით, როგორ შეაფასებთ?

- ცალსახა პასუხის გაცემა ამ შეკითხვაზე, ჩემი აზრით, შეუძლებელია, რადგან ეს საკითხი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

ერთის მხრივ, ქვეყნებს შორის ადამიანების გადაადგილების გამარტივება, რა თქმა უნდა, პროგრესული მოვლენაა. კარგია ეს ეკონომიკური და, თუნდაც, პოლიტიკური ურთიერთობების აწყობის თვალსაზრისით. სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობამ ამით უნდა მოიგოს.

თუმცა ისიც ფაქტია, რომ ასეთ ვითარებაში გაურთულდებათ მუშაობა ქვეყნის სპეცსამსახურებს, თუნდაც ნარკოტრაფიკის კუთხით. არის სხვა მომენტებიც...

- თუნდაც ისეთი, როგორიცაა ჩვენთვის გაუგებარი მიდგომა პრინციპული საკითხისადმი: ირანი ამერიკისთვის ნომერი პირველი მოწინააღმდეგეა, მტერიაო, რომ არ ვთქვათ. აშშ-ის მიერ ამ სახელმწიფოსთან დამოკიდებულებას შეიძლება იზოლაციონისტურიც კი ვუწოდოთ. საქართველოს ხელისუფლება კი იზოლაციის ამ რკალს არღვევს და ირანთან უვიზო რეჟიმს აწესებს. რაღაც “ვერ ჯდება” ლოგიკაში.

- ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას რა რეაქცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით?

- მგონი არავითარი. ყოველ შემთხვევაში, ნეგატიური დამოკიდებულება არ გამოუხატავს. საჯაროდ მაინც.

- ჰოდა, აქ ეძებეთ ლოგიკა. ვერ გამოვრიცხავთ, რომ საქართველოსა და ირანს შორის უვიზო მიმოსვლა, ანუ ეს გახსნილი არხი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიძლება თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს.

- მათ შორის სადაზვერვო მიზნებსაც გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა!

- ამას, ალბათ, რომელიმე სხვა “ვიკილიქსის” ახალი პუბლიკაციებიდან შევიტყობთ... “ვიკილიქსის” მიერ საჯაროდ გამოტანილ ინფორმაციაზე ამდენი საუბარი რომ არის დღეს, ასიათასობით განსაიდუმლოებულ მასალებზე, ეს ნიშნავს, რომ სპეცსამსახურებმა საიდუმლოება ვერ დაიცვეს?

- ის ინფორმაცია, რომელიც “ვიკილიქსმა” გაავრცელა, არ არის საიდუმლო, უფრო გასაგებად რომ ვთქვა, არის სამსახურებრივი სარგებლობის მასალები. მითხარით, “ვიკილიქსის” პუბლიკაციებში ერთხელ მაინც თუ გამოჩნდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ან ინგლისის მი-6-ის, ან საფრანგეთის, ან რუსეთის დაზვერვის რომელიმე სამსახურის მასალები? არა. არ გამომზეურებულა არც ერთი ქვეყნის არც ერთი სპეცსამსახურის არც ერთი მასალა. ვერც გამომზეურდება, რადგან ისეა დაშიფრული, რომ თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ასი წლის მუშაობაა საჭირო, რომ გაიშიფროს. ასი წლის შემდეგ კი ვიღას დასჭირდება ასეთი ინფორმაცია? ან რა ფასი ექნება ამ გაშიფრულ საიდუმლოს?

- მაინც და მაინც ამერიკელების მწვავე რეაქცია ამ პუბლიკაციაზე ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სხვა სახელმწიფოს დაზვერვამ გაუმჟღავნა საიდუმლო?

- არა მგონია, რადგან აქ სპეცსამსახურების დაპირისპირების არავითარი ნიშანი არ ჩანს. უფრო დიპლომატიურ ჩანაწერებს ეხება. რომელმა ელჩმა რომელიმე სახელმწიფოს მეთაურზე რა თქვა კოლეგასთან საუბრის დროს, სულაც არ არის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალა. ღია ინფორმაციაა. არც ერთი სპეცსამსახური ამაზე არ მოცდება.

www.geworld.net

P.შ. ზოგიერთ მოაზროვნეს მიაჩნია, რომ აწმყო სულაც არ არის რეალობა, რადგან არავინ უწყის, როგორ და რა სახით ჩამოყალიბდება იგი.

აწმყო ისეთივე ეფემერულია, როგორც მომავალი. ერთის და მეორის გასაღები წარსულში დევს.

სწორია? არ არის სწორი? საკამათოა.

მხოლოდ წარსული იძლევა, ასე თუ ისე, სწორ პასუხს. ანზორ მაისურაძესთან საუბარმა, ეგებ, სწორედ ეს დაამტკიცა.