სამართალი
კლუბ „ბასიანის“ ინციდენტის დროს დაკავებულის გირაოთი გათავისუფლება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა

      საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულთა უფლებების დასაცავად სამართალდამცავმა ორგანოებმა კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება გამოიყენეს.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, „ბასიანთან“ ინციდენტის დროს შსს თანამშრომელი და კლუბის დაცვის ორი წევრი დაიჭრნენ.
ბრალდებულმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს მიმდინარე წლის 13 იანვარს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. ინციდენტის დროს ბრალდებულმა, ასევე, დაზიანებები მიაყენა კლუბბასიანისდაცვის ორ თანამშრომელს. საგულისხმოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაიჭრა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, მაშინ, როდესაც თავდასხმის დროს კლუბის ორ თანამშრომელს იცავდა. ჩვენ შესაბამის რეაგირებას ვახდენთ ძალადობის ყველა ფაქტზე. შესაბამისად, კანონით ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ დაზარალებულების, მათ შორის, იმ ადამიანების დასაცავად, ვინც უშუალოდ ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე. ბრალდებულის დაკავება მოხდა დანაშაულის ადგილზე. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გირაოს გამოყენების შესახებ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.