აქტუალური
NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% ეთანხმება, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს

      საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. NDI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულ რესპონდენტთა 53% ეთანხმება, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს, 30% – არ ეთანხმება, 17%-მა კი არ იცის.
ამავე კვლევაში მონაწილეთა 45%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში ევროკავშირიდან მომავალი პროპაგანდა არსებობს, 29% არ ეთანხმება, 26%-მა არ იცის.
44% მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებობს აშშ-დან მომავალი პროპაგანდა, 28% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, 28%-მა კი არ იცის.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხულთა 53%-ის აზრით რუსული პროპაგანდა საქართველოში ქართულენოვანი სატელევიზიო არხებით ვრცელდება, 32%-ის აზრით – პოლიტიკური პარტიების მეშვეობით, 28%-ის აზრით – ინტერნეტითა და სოციალური მედიით, 12% ფიქრობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით, 11%-ს კი მიაჩნია, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არაქართულენოვანი სატელევიზიო არხებით ვრცელდება.
კვლევაში მონაწილეთა 66%-ის აზრით, ევროკავშირიდან მომავალი პროპაგანდა საქართველოში ქართულენოვანი სატელევიზიო არხებით ვრცელდება, 31%-ის აზრით - ინტერნეტითა და სოციალური მედიით, 23%-ის აზრით – პოლიტიკური პარტიების მეშვეობით, 11% ფიქრობს, რომ სამოქალაქო საზოგადოებით, ხოლო 8%-ის აზრით, არაქართულენოვანი სატელევიზიო არხებით.
რაც შეეხება აშშ-დან მომავალ პროპაგანდას, გამოკითხულთა 66% მიიჩნევს, რომ აშშ-დან პროპაგანდა საქართველოში ქართულენოვანი სატელევიზიო არხებით ვრცელდება, 32% ფიქრობს, რომ ინტერნეტითა და სოციალური მედიით, 26%-ის აზრით, პოლიტიკური პარტიების მეშვეობით, 10%-ის აზრით, სამოქალაქო საზოგადოების, ხოლო 9%-ს მიაჩნია, რომ აშშ-დან მომავალი პროპაგანდა საქართველოში არაქართულენოვანი სატელევიზიო არხებით ვრცელდება.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ს კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.