აქტუალური
გარდაიცვალა გიორგი ჭანტურია

      საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ პირველ არხს მისმა ახლობლებმა აცნობეს.
გიორგი ჭანტურია დაიბადა 1957 წელს. 1989 წლამდე მუშაობდა სახელისუფლებო სტრუქტურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში; 1992-1993 წლებში ასრულებდა საგანგებო დიპლომატიურ მისიას აზერბაიჯანში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვეიცარიასა და ისრაელში; 1993 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში; 1994-1996 წლებში – საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში; 1996 წლიდან - საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის (სნსკ) პრეზიდენტი.
ბოლო პერიოდში გიორგი ჭანტურია აზერბაიჯანში მუშაობდა.
პანაშვიდები თბილისში, ლადო ასათიანის 36-ში 11-12 იანვარს გაიმართება. გამოსვენება 13 იანვარს, 14:00 საათზე საბურთალოს სასაფლაოს ამაღლების ეკლესიიდან.