აქტუალური
საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიოს 99 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ ჩასვლა, რუსეთის გარდა

      საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. 2018 წლის 9 იანვარს  კომპანია Henley & Partners-მა პასპორტების ყოველწლიური ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნები რანჟირებულია მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს უვიზოდ მონახულების შესაძლებლობის მიხედვით.
199 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის 2018 წელს პირველი ადგილი გერმანიამ დაიკავა, გერმანული პასპორტით უვიზოდ მსოფლიოს 177 ქვეყანაშია მოგზაურობა შესაძლებელი. მეორე ადგილზეა სინგაპური — 176 ქვეყანა, მესამეზე კი ერთდროულად რვა სახელმწიფო გავიდა — დიდი ბრიტანეთი, დანია, იტალია, ნორვეგია, ფინეთი, საფრანგეთი, შვედეთი, იაპონია (175 ქვეყანა).
2018 წელს საქართველომ თავისი პოზიცია 15-ით გაიუმჯობესა. ეს 2017 წლის მარტში შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის მიღების წყალობით მოხდა. 2018 წლის 9 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიოს 99 ქვეყნის უვიზოდ მონახულება შეუძლიათ - ეს რეიტინგში 53-ე ადგილია.
რუსეთმა, სადაც უვიზოდ შესვლა საქართველოს მოქალაქეებს 2008 წლის მოვლენების შემდეგ არ შეუძლიათ, ასევე გაიუმჯობესა მაჩვენებელი — ის 48-ე ადგილზეა (110 ქვეყანა).
რეიტინგში ბოლო 104-ე ადგილი ავღანეთს ერგო, რომლის მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა 24 ქვეყანაში შეუძლიათ.