აქტუალური
საია-ს ქალთა კვარტეტი, ანუ სოროსის ოთხი ქალიშვილი - საქინფორმი

      საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. გუშინწინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისი საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა. მკითხველებს შევახსენებთ, რომ ანა დოლიძემ პოლიტიკური კარიერა არასამთავრობო ორგანიზაციაში დაიწყო - ის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) პრეზიდენტი იყო, რომელიც, როგორც ყველა გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, სოროსის ფონდის, აშშ-ის და სხვა ამერიკული და ევროპული ინსტიტუტებისა თუ ფონდების გრანტებით შეიქმნა და დღემდე არსებობს.
გუშინ კი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისი საპარლამენტო მდივნის გათავისუფლებულ ადგილზე ასევე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ექსპრეზიდენტი ანა ნაცვლიშვილი დანიშნა, რომელმაც თვეც არ არის, რაც ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა.
მარგველაშვილის მოტივაცია ნაცვლიშვილის დანიშვნის დროს იგივე იყო, რაც დოლიძის დანიშვნისას - „ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული უფლებადამცველი საქართველოში, რაც ქვეყანაში ბოლო წლებში მიმდინარე სახელმწიფო და საკანონმდებლო პროცესებში გამოვლინდა“.
მკითხველებს შევახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში საქართველოს სახალხო დამცველად (ომბუდსმენად) ასევე „დაბადებიდან“ „ენჯეოელი“ ნინო ლომჯარია დაინიშნა - „ერთ-ერთი ამერიკული გაცვლითი პროგრამის მონაწილე“, რასაც გუშინ სიხარულით გაუსვა ხაზი საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ. ნინო ლომჯარიამ ქალაქ სენტ-ლუისში (აშშ) ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის დამთავრების შემდეგ, დოლიძისა და ნაცვლიშვილის მსგავსად, საქმიანობა ხელმძღვანელი კადრების „სამჭედლოში“ -  „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ (საია) დაიწყო, სადაც რიგ პროექტებს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2011 წელს ასევე დასავლეთის ფულით შექმნილი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი გახდა.
„სოროსის მეოთხე „ქალიშვილი“ სადღაა, კვარტეტში ხომ 4 სოლისტია, თუნდაც ის ქალთა იყოს?“ - გვკითხავს მკითხველი და ამ პუბლიკაციის სათაურს იგულისხმებს. მკითხველს, ალბათ, მიავიწყდა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს პარლამენტის 1 ვიცე სპიკერი გახდა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის „შვილი“ და ასევე მშვენიერი სქესის წარმომადგენელი - ასევე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ყოფილი პრეზიდენტი თამარ ჩუგოშვილი.
ჰოდა, ამის მერე ვის მოუბრუნდება ენა იმის სათქმელად, რომ საქართველოში გენდერთან დაკავშირებით პრობლემებია?!
P.S. პირველი, რაც პრეზიდენტ მარგველაშვილის ახალმა საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გააკეთა, როგორც კი სააკაშვილის აშენებულ საპრეზიდენტო სასახლეში მისი წარდგენა დამთავრდა - ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლოს განაჩენი მიხეილ სააკაშვილის მიმართ (ა.წ. 5 იანვარს, 3 წლით პატიმრობა ბანკირ სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალებისთვის - საქინფორმი) „უკანონო იყო, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, შეწყალების უფლება - პრეზიდენტის პრეროგატივაა“...
საქინფორმის რედაქცია