უცხოეთი
მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე კიევის სასამართლომ არ დააკმაყოფილა

      საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ყველა უფლება დაირღვა და მოსამართლეს სთხოვა, სწორი გადაწყვეტილება მიეღო.
„ჩემი ყველა უფლება დაარღვიეს, შემითითხნეს საქმეები და ახლა უკვირთ, რატომ არ ვანებებ თავს უკრაინას და არ მივდივარ ნიდერლანდებში. მე გაძლევთ პირობას, უკრაინა ძალიან ძლიერი ქვეყანა იქნება, მე ამის მჯერა, ვრისკავ და მთელ ენერგიას ამაში ვხარჯავ. უკრაინა იქცევა ნიდერლანდებისნაირ სახელმწიფოდ. უკრაინა მალე დაეწევა პოლონეთს. უკრაინას აქვს ამის რესურსი და მე გაძლევთ გარანტიას, რომ უკრაინას დიდი მომავალი აქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა მის წინააღმდეგ შეთქმულებაში პეტრო პოროშენკო, ვლადიმერ პუტინი და ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა.
დღეს კიევში მიხეილ სააკაშვილის ორი სასამართლო პროცესი გაიმართა. სააპელაციო სასამართლოში მოსამართლემ მთავარი პროკურატურის საჩივრის განხილვა მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობასთან დაკავშირებით 11 იანვრისთვის გადაიტანა.

1tv.ge