რელიგია
2018 წლის 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 85 წელი შეუსრულდა

      საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. კათოლიკოს-პატრიარქის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში საზეიმო ღონისძიებები დაგეგმილი არ არის - როგორც კონსილიუმის შემდეგ ექიმებმა აღნიშნეს, ილია მეორე თავს შეუძლოდ გრძნობს, გაცივებულია და ბრონქიტი აქვს, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის ამბულატორიულად მკურნალობს. თუმცა, როგორც საქინფორმი მანამდე იუწყებოდა, ღონისძიებების გაუქმების გადაწყვეტილება პირადად პატრიარქმა 2017 წლის მაისში მიიღო. მიზეზად უწმინდესმა მსოფლიოში არსებული ვითარება და საქართველოს მძიმე სოციალური მდგომარეობა დაასახელა. საპატრიარქოში არც ტრადიციული საყოველთაო მიღება ყოფილა, რომლის დროსაც მრევლი, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები, ჩვეულებრივ, უწმინდესს დაბადების დღეს ულოცავენ.
ამის ნაცვლად საქართველოს საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქის 85 წლის იუბილეს დაამთხვიეს ქართულ ენაზე ბიბლიის ორი შევსებული გამოცემის - მცხეთური ბიბლიის და ძველი აღთქმის პრეზენტაცია, რომლებიც ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოსცა. პატრიარქის მოწვევით, საპატრიარქოში იმყოფებოდნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, აგრეთვე საქართველოს პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საიუბილეო თარიღები მიულოცა.
„თქვენო უწმინდესობავ, მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით, დიდი სიყვარულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ყველა ჩვენგანისთვის – თქვენი იუბილე; ასევე, მოგილოცოთ აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე; მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა და დიდხანს მეუფება. თქვენი მეუფება არის არა მხოლოდ წყალობა ჩვენი ერისთვის, არამედ ეს არის სასიცოცხლო საჭიროებაც. იმ გამოწვევების ფონზე, სადაც ჩვენი ქვეყანა იმყოფება დღეს, თქვენი პატრიარქობა არის ჩვენი უდიდესი სიძლიერე და, რა თქმა უნდა – სასიცოცხლო აუცილებლობა. ამიტომ, მინდა გისურვოთ დიდხანს მეუფება, მინდა საქართველოს ვუსურვო გაძლიერება, რასაც თქვენ ყოველდღიურად, ყოველწუთიერად აკეთებთ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ იმედისთვის, ყველა იმ ნუგეშისთვის, რომელსაც თქვენ უხვად უზიარებთ ჩვენს ქვეყანას“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა პატრიარქს.
პრემიერმა ორი უმნიშვნელოვანესი გამოცემის – „ძველი აღთქმისა“ და „მცხეთური ბიბლიის“ დასრულება მიულოცა ყველას და ამ საქმეში ჩართულ სამეცნიერო გუნდს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს არის კიდევ ერთი ბურჯი ჩვენი ეკლესიის სიძლიერის, ჩვენი ავტოკეფალიის განმტკიცების საქმეში. მინდა, მივულოცო იმ სამეცნიერო გუნდს, რომელმაც ამ გამოცემებზე იმუშავა, მინდა, მივულოცო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ბატონ ზაზა აბაშიძეს და ყველა მეცნიერს. რა თქმა უნდა, ეს გამოცემები არის იმ ადამიანების სახელების უკვდავყოფაც, რომლებმაც თაობების მანძილზე იმუშავეს ამ ორ უმნიშვნელოვანეს გამოცემაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ყველას მიულოცა ახალი წელი და დამდეგი შობის დღესასწაული.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე და აღსაყდრების 40 წლისთავი მიულოცა და გამოცემაზე მომუშევე სპეციალისტებს უდიდესი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
,,თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ იუბილეს და აღსაყდრების 40 წლისთავს. რა არის მნიშვნელოვანი ამ თარიღებში, რომლის დროსაც ჩვენ ვიკრიბებით და ერთმანეთს ვუზიარებთ სიხარულს? მნიშვნელოვანია, რომ ამ თარიღების აღნიშვნისას ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, შევაჯამოთ და კიდევ ერთხელ შევხედოთ თქვენს მოღვაწეობას და ღვაწლს. თქვენო უწმინდესობავ, ნებისმიერი ქრისტიანის ცხოვრება - ეს არის ბრძოლა, ბრძოლა, როგორც ადამიანის შიგნით, ასევე იმ გამოწვევებთან, რომლებსაც საზოგადოება და ამქვეყნიური პრობლემები, მის წინაშე აყენებს. ამ მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნისას ჩვენ ვგრძნობთ ძალას, რადგან სწორედ ამ გამოწვევების დამმარცხებელ ადამიანს ვხედავთ, არა იდეებში, არა წიგნად, არამედ ცოცხლად ვხედავთ ადამიანს, რომელმაც დაამარცხა ძალიან ბევრი სირთულე. რეალურად ვხედავთ ადამიანს, რომელმაც დაამარცხა ამპარტავნება, ვერცხლმოყვარება. ადამიანმა, რომელმაც დაამარცხა ის გამოწვევები, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაქვს და ამ გამოწვევათა დამარცხებით თავისი თავი, ჩვენი ერი ძალად აქცია. გმადლობთ, თქვენო უწმინდესობავ, ამ საოცარი მაგალითისთვის, რომელიც ჩვენ გვაძლიერებს” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა წიგნის პრეზენტაციაზე.