საზოგადოება
2017 წლის დეკემბერში ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი შეადგინა

      საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში - 0,8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,7 პროცენტი შეადგინა. ნოემბერთან შედარებით, წლიური ინფლაცია 0,2 პროცენტით შემცირდა.
წინა თვეში ფასები სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში 1,4 პროცენტით გაიზარდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,42 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5,3 პროცენტი), ხილი და ყურძენი (4,2 პროცენტი), თევზეული (1,9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1,3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1,0 პროცენტი). ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე აისახა 0,2 პროცენტული პუნქტით. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4,6 პროცენტი). ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ფასები გაიზარდა 2,3 პროცენტით, რაც 0,19 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (5,0 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (1,4 პროცენტი).
რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7,3 პროცენტით, ტრანსპორტის ჯგუფში 14,9 პროცენტით, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე 17,5 პროცენტით, ჯანმრთელობის დაცვაზე 8,1 პროცენტით.