აქტუალური
ევროკავშირმა საქართველოს 48,1 მილიონი ევრო გამოუყო

      საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. ევროკავშირმა, 2017 წელს რეფორმების მხრივ მიღწეული წინსვლის საერთო აღიარების საფუძველზე, საქართველოს გრანტის სახით 140 მილიონი ლარის (48.1 მილიონი ევრო) დახმარება გამოუყო.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, რეფორმები მოიცავდა შემდეგ სფეროებს: ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარება, პროფესიული განათლება და დასაქმება, სოფლის მეურნეობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაცია.
დახმარება ასევე გამოიყო საქართველოს მართლმსაჯულების სფეროს, საჯარო ადმინისტრირების, საჯარო ფინანსების მართვისა და რეგიონული განვითარების პოლიტიკისათვის.
თანხების გამოყოფა ხდება ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამების ფარგლებში, რომლებიც მთავრობასთან ერთად ხორციელდება.
დამოუკიდებელი ანგარიშების საფუძველზე, ევროკავშირმა შეაფასა მიღწეული წინსვლა მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით შემდეგ სფეროებში: ევროკავშირი-საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცისა (DCFTA) და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (SMEs) მხარდაჭერა; დასაქმება, პროფესიული განათლება და ტრენინგი; სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება (ENPARD II); საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული/იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათი მასპინძელი თემების მხარდაჭერა; რეფორმების მხარდაჭერა მართლმსაჯულების სფეროში; საჯარო მმართველობის რეფორმა; საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში;  საქართველოში რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, საქართველომ კარგ პროგრესს მიაღწია ვაჭრობისა და კერძო სექტორის სფეროების განვითარებაში, წინასწარ შეთანხმებული გზამკვლევის თანახმად.
ეს მოიცავდა არაერთი ეროვნული საკანონმდებლო აქტის დროულ დამტკიცებას, რომელთა მიზანი იყო მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შექმნა, მათ შორის, სურსათის უვნებლობა, ვაჭრობის ტექნიკური დაბრკოლებები და ბაზრის ზედამხედველობა. “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში კონსულტაცია გაეწია და ტრენინგი ჩაუტარდა 220-ზე მეტ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს, ხოლო  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით მოხდა DCFTA-ით სარგებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება კერძო სექტორში რეგიონულ დონეზე.
საბიუჯეტო დახმარება ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტრუმენტია, რომელიც მოიცავს სახსრების პირდაპირ გადარიცხვას პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში.
სახსრები გამოიყოფა ყოველწლიურად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წინასწარ შეთანხმებული შედეგები მიიღწევა.
მთავრობას მოეთხოვება, შეინარჩუნოს მიღწეული შედეგების დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელი მაკროეკონომიკური პოლიტიკის, საჯარო ფინანსების მართვის და ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ, რაც მოიცავს ყველა გადასახადს.
„ამასთანავე, თითოეული პოლიტიკის სფეროში ჩადებულია კონკრეტული მიზნები. მაგალითად, ისეთ სფეროებში, როგორიცაა მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება, განათლება, საჯარო ფინანსების მართვა და ა.შ. თუ ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ამათგან რომელიმე სფეროში შესრულება არასაკმარისია, იგი აკავებს მთლიანი გადარიცხვის ნაწილს, სანამ არ გატარდება დამაჯერებელი ზომები. ეს არის ერთ-ერთი გზა პარტნიორი ქვეყნის მიერ განვითარების პოლიტიკასა და რეფორმებზე პასუხისმგებლობის აღების და ნაკლებ განვითარებულ სფეროებში პრობლემის წყაროს და არა სიმპტომების მოსაგვარებლად. საქართველოსთვის საბიუჯეტო დახმარების დიდი წილი უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომელიც მიმართულია კონკრეტულ სფეროებზე და ეთავსება თანმდევი პროექტების დაფინანსებას, როგორიცაა, მაგალითად, გრანტები და ტექნიკური მხარდაჭერა კოოპერატივებისთვის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გავრცელებულ ინფორმაციაში.