უცხოეთი
საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ქართველის დაჭრაშია ეჭვმიტანილი

      საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ქართველის დაჭრაშია ეჭვმიტანილი. როგორც ფრანგული მედია იუწყება, ინციდენტი ლონჟედუას კომუნაში მდებარე თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში მოხდა.
ჟურნალისტების ცნობით, ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ერთ-ერთმა ცივი იარაღი გამოიყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 33 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მას რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება. მათ შორის ფილტვი არეში.
მომხდარის შესახებ პოლიციას ექთანმა შეატყობინა. ჩხუბში მონაწილე საქართველოს მოქალაქის სამძებრო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ის ქალაქ ბრიუდის რკინიგზის სადგურზე დილით დააპატიმრეს.
ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ჩხუბის მიზეზი გამოძიებამ ჯერ ვერ დაადგინა, თუმცა ირკვევა, რომ დაპირისპირების მონაწილეები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

1tv.ge