გრანტის გაცემის წესი შეიცვალა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი შეიცვალა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართეს.
2011 წელს სამართლის, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირების, მასობრივი კომუნიკაცია-ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტები მხოლოდ 100-პროცენტიანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში დაფინანსდებიან. ყველა სხვა მიმართულებაზე სწავლას სახელმწიფო 100, 70, 50 და 30–პროცენტიანი გრანტით დააფინანსებს.
ცნობისთვის: სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი და სპეციალობების სრული ნუსხა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეა განთავსებული და მოცემულია აბიტურიენტთათვის გამოცემულ ცნობარში.