პოლიტიკა
სახალხო კრება წესრიგის დასაცავად „შეფიცულების“ ჯგუფს ქმნის

nonna„წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ სათათბირო ორგანომ – დარბაზმა – სახალხო პატრულის მსგავსი ჯგუფის – „შეფიცულების“ დებულება მიიღო.

როგორც საქინფორმის კორესპონდენტთან საუბრისას სახალხო კრების თავმჯდომარემ განაცხადა, „შეფიცულების“ უმთავრესი მოვალეობა ქვეყანაში სამართლიანობის დაცვის და დაჩაგრულების მხარდაჭერა იქნება.

„ეს იდეა მომდინარეობს იქიდან, რომ საპროტესტო აქციების დროს ინციდენტების პრევენცია მოხდეს, რადგან ამ დროს, როგორც წესი, ძალიან ბევრი პრობლემა იქმნება ხოლმე“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა და დასძინა, რომ „შეფიცულები“ „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ წევრების გარდა, ყველა იმ ადამიანს დაიცავენ, ვინც თავს ხელისუფლებისაგან დაჩაგრულად იგრძნობს.

„ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ რამდენი ადამიანი გაწევრიანდება „შეფიცულებში“ და ამის მიხედვით შემდეგში განვაცხადებთ, თუ რამდენი ადამიანის დახმარებას შევძლებთ“, – აღნიშნა ნონა გაფრინდაშვილმა და განაცხადა,რომ „შეფიცულებში“ გაწევრიანება სურვილის შემთხვევაში ყველას შეუძლია, „შეფიცულებს“ ხელფასი არ დაენიშნებათ.

„შეფიცულების“ დებულება იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა მოამზადა. სათათბირო დარბაზის შეხვედრაზე კი მისი სამუშაო მიმართულებები და პროგრამებიც განსაზღვრეს.