„რუსულ სათვისტომოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს“ - თბილისის საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი
საზოგადოება
„რუსულ სათვისტომოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს“ - თბილისის საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი

      საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. ახალი წლის დამდეგს 600-ზე მეტმა ბავშვმა საქართველოს სხვადასხვა ეროვნული სათვისტომოდან უფასოდ მიიღო ბილეთები თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის საახალწლო წარმოდგენებზე.
თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი
და „რუსული კლუბი“ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ბავშვებისთვის საახალწლო აქციას აწყობენ. საბავშვო სახლებისა და ინტერნატების აღსაზრდელები, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები 29-30 დეკემბერსა და 7-8 იანვარს დაესწრებიან სპექტაკლს „ახალი საშობაო ზღაპარი“ და საჩუქრად მიიღებენ ტკბილეულის ნაკრებს და ახალ გამოცემას სერიიდან „საბავშვო წიგნი“.
27 და 28 დეკემბერს გრიბოედოვის თეატრში ტრადიციული საახალწლო პრემიერა გაიმართება. ამჯერად მაყურებელი მუსიკალურ ზღაპარ „თამბელინას“ იხილავს. სპექტაკლი ანდერსენის ზღაპრის მოტივებზე რეჟისორმა ლევონ უზუნიანმა დადგა.
ებრაული საზოგადოების წარმომადგენელმა სილვა იოსებაშვილმა, ისევე, როგორც ყველა სათვისტომოს წევრებმა, მადლობა გადაუხადა საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს ნიკოლაი სვენტიცკის, რომელმაც ბავშვებს ზღაპრული დღესასწაული აჩუქა: „მადლობას ვუხდით ნიკოლაი სვენტიცკის, რომელიც ჩვენს შვილებს მშვენიერებასთან ზიარების შესაძლებლობას აძლევს! ჩემი შვილიშვილები ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდნენ მოსკოვიდან და პირველად მიდიან გრიბოედოვის თეატრში. ისინი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ელოდებიან“.
ბილეთები მიიღეს, აგრეთვე, ბულგარულმა, პოლონურმა, უკრაინულმა, ბელორუსულმა დიასპორებმა, რომლებმაც გასულ წელს საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. თბილისის მეგობრობის სახლში სადღესასწაულო წარმოდგენებზე ბილეთები ყველა სათვისტომოს წარმომადგენლებს გადასცეს თბილისის საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარემ რიტა ხიდირბეგიშვილმა და საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა ალექსანდრ ბეჟენცევმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას რიტა ხიდირბეგიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა საბჭო 15 ეთნიკურ სათვისტომოს აერთიანებს“: „რუსულ სათვისტომოსთან, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ძალზე აქტიურ საქმიანობას ეწევა, ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ეს ნიკოლაი სვენტიცკის დიდი დამსახურებაა, რომელიც ყოველთვის ყურადღებითა და სითბოთი ეკიდება თბილისის საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს.
ნიკოლაი სვენტიცკისთან ერთად ჩვენ ცნობილი თბილისელების მემორიალური დაფები გავხსენით. უკვე დაგვპირდნენ, რომ საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო ზაფხულში დასასვენებლად გაგზავნის ჩვენ მიერ შეკრებილ სხვადასხვა ეროვნების თბილისელი ბავშვების ჯგუფს, რაც, ბუნებრივია, ძალიან გვახარებს! დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს თანამშრომლობის შედეგად თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრთან, „რუსულ კლუბთან“ და საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოსთან, რომელსაც თბილისის რუსული სათვისტომოს ლიდერი ნიკოლაი სვენტიცკი ხელმძღვანელობს, ჩვენ ბევრი საინტერესო პროექტი მოგველის“,
- აღნიშნა რიტა ხიდირბეგიშვილმა.