კახეთში ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესია დაარბიეს
ყვარლის რაიონში, სოფელ ახალსოფლის ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესია ბოლო სამი თვის მანძილზე უკვე მეორედ დაარბიეს. შემთხვევა პირველად 19 ნოემბერს, ხოლო მეორედ 28 იანვარს მოხდა. სოფლის ეკლესია საქველმოქმედო ორგანიზაცია "ბეთელის" შენობაში მოქმედებს, აქვე მოზარდებისთვის საკვირაო სკოლაც ფუნქციონირებს. რამდენიმე დღის წინათ ეკლესიაში მისულ მრევლს საეკლესიო ნივთები გადმოყრილი დახვდა, ხოლო მოსწავლეების ნახატები – დაზიანებული. მრევლის გაოცება იმანაც გამოიწვია, რომ დამნაშავეებმა მხოლოდ საბავშვო ფლომასტერები წაიღეს.
ბაპტისტურმა თემმა პოლიციას პირველი დარბევისთანავე მიმართა. "საქმის აღძვრისთანავე ჩემთან მშობელმა მოიყვანა სამი არასრულწლოვანი და მათ ბოდიში მოიხადეს", – განაცხადა ადგილობრივი თემის პასტორმა მარიკა ცხადაძემ. თუმცა იქვე დასძინა, რომ არასრულწლოვანები მხოლოდ მეორე დარბევაში მონაწილეობას ადასტურებენ.
პირველ შემთხვევაზე კი გამოძიება გრძელდება. სავარაუდოდ, ინციდენტის მონაწილეები ამ შემთხვევაშიც არასრულწლოვანები არიან.