უცხოეთი
მევლუთ ჩავუშოღლუ - არც ერთი ღირსეული სახელმწიფო აშშ-ის ზეწოლას თავს არ დაუხრის

      საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. გამოთქმა – „მე ძლიერი ვარ, მაშასადამე ვარ მართალი“ – შეიცვალა , – ასე გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ დონალდ ტრამპის განცხადებას. მისი თქმით, არც ერთი ღირსეული სახელმწიფო არ დაუხრის თავს ამ ზეწოლას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ჩვენ თვალს ვადევნებთ, ვინ რას მისცა ხმა და ამ ინფორმაციას პრეზიდენტს მივაწვდით, ჩვენ ყველა ქვეყნის სახელს სათითაოდ გავიგებთ. რას გააკეთებთ ამით? ამ ქვეყნებში ინტერვენციას დაუშვებთ თუ დასჯით მათ? მსოფლიო შეიცვალა. გაგება – „მე ძლიერი ვარ, მაშასადამე ვარ მართალი“ – შეიცვალა. ახლა მსოფლიო უსამართლობის წინააღმდეგ ერთიანდება. არც ერთი ღირსეული სახელმწიფო არ დაუხრის თავს ამ ზეწოლას“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
შეგახსენებთ, იერუსალიმის სტატუსზე გაერო-ში დაგეგმილი კენჭისყრის წინ დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებს დაემუქრა, რომლებიც დახმარებას აშშ-ისგან იღებენ.
„ისინი ასობით მილიონობით, მილიარდობით დოლარს იღებენ ჩვენგან და შემდეგ ხმას ჩვენ წინააღმდეგ აძლევენ. მიეცით უფლება ასე მოიქცნენ, ჩვენ უფრო მეტ თანხას დავზოგავთ” – განაცხადა პრეზიდენტმა.
იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციაში, რომელსაც კენჭი დღეს გენერალურ ასამბლეაზე უნდა უყარონ, აშშ ნახსენები არ არის, თუმცა დოკუმენტში წერია, რომ წმინდა ქალაქის სტატუსის შეცვლას კანონიერი ძალა არ უნდა ჰქონდეს. მანამდე გაერო-ში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ტრამპისგან მიიღო დავალება, ჩაინიშნოს ის ქვეყნები, რომლებიც ხმას აშშ-ის წინააღმდეგ მისცემენ.
“პრეზიდენტი ამ კენჭისყრას ყურადღებით მიადევნებს თვალს. ჩვენ თითოეულ ხმას ჩავინიშნავთ”, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ.

1tv.ge