სამართალი
ჟენევის მოლაპარაკებების მაგიდა რუსულ მხარეს პირველად არ დაუტოვებია - ქეთევან ციხელაშვილი

      საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადებები გაკეთებულა ადრეც და ახალი არაფერია. თუ ვინმეა დაინტერესებული, ეს არის ქართული მხარე, რომ ძალის არგამოყენების ვალდებულება იქნეს სრულად შესრულებული, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.
შედგა 42- რაუნდი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა. ამ რაუნდზე ქართულმა მხარემ ყველა ის საკითხი წამოჭრა, რომელიც აქტუალური გახლავთ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ადამიანების მდგომარეობას უშუალოდ ორივე რეგიონში, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობას და იმ შეზღუდვებს, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება საკმაოდ დისკრიმინაციული მიდგომით და აუცილებლობას იმისა, რომ უნდა დადგეს შესაძლებლობები მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, არ შეფერხდეს და გაფართოვდეს უკვე შეზღუდული შესაძლებლობები, რომელიც უკავშირდება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადაკვეთას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ მოსახლეობისთვის, ვინც გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრობს. მაგრამ არა მხოლოდ მათთვის, არამედ მთლიანად რეგიონის მოსახლეობისთვის. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგორში მაცხოვრებელი მოსახლეობის მდგომარეობას”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მისი თქმით, ბუნებრივია, საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარ საყრდენ საკითხებს – ძალის გამოუყენებლობას, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობას, ასევე დევნილთა დაბრუნების პროცესის დაწყებასა და ხელშეწყობას.
ეს საკითხები დიდწილად უკავშირდება 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და სწორედ ამ კონტექსტში იქნა დაყენებული, მათ შორის ძალის არ გამოყენების ვალდებულების შესრულების აუცილებლობა. ქართულმა მხარემ საკუთარი ვალდებულებები უკვე თავიდანვე პირნათლად შეასრულა. ვალდებულებები, რომელიც აქვს შესასრულებელი რუსეთს, ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც ისმის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დისკუსიებზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თემაა დევნილთა დაბრუნების საკითხი. სამწუხაროდ, ამ დისკუსიების გამართვა უკავშირდება ძალიან პოლიტიზებულ მცდელობებს იმისა, რომ არ შედგეს ასეთი დისკუსია, თუმცა მე მინდა გამოვთქვა იმედი და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა ჩართულ მონაწილეს, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ჯეროვანი ყურადღება დაეთმოს”, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

1tv.ge