აქტუალური
სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში შესაძლებელია

      საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. კიევის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ერთდროულად სამი სასამართლო პროცესი დაინიშნა. სასამართლოს გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ პროცესები 12, 18 და 27 დეკემბერს გაიმართება.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, საქმეების დაჩქარებული წესით განხილვა საქართველოში სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს უკავშირდებოდეს. "ვარაუდი იმისა, რომ შესაძლებელია ექსტრადირების პროცედურები დაიწყო, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინას ახლა ძალიან დიდი პრობლემა აქვს პოლიტიკური, მიხეილ სააკაშვილი სერიოზულ პრობლემას უქმნის უკრაინის ოლიგარქიულ ხელისუფლებას, აქედან გამომდინარე რომ შევხედოთ მის წინააღმდეგ გადადგმულ დანაშაულებრივ ნაბიჯებს, არ გაგვიკვირდება, რომ სააკაშვილის ქვეყნიდან გასაძევებლად მოხდეს მსგავსი ზომების მიღება. მითუმეტეს, რომ ერთხელ უკვე სცადა ეს ყველაფერი პოროშენკომ, როდესაც მოქალაქეობა ჩამოართვა და შემდეგ სცადა, არ შეეშვა ქვეყანაშ", - განაცხადა ბასილაიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაუდასტურა სააკაშვილის მიღებაზე მზაობა უკრაინის ხელისუფლებას. „შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგიდან იყოს მოხსნილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესია, სააკაშვილი საქართველოს სასამართლოს წინაშე წარდგეს.