პოლიტიკა
ლეიბორისტები სააკაშვილს მოუწოდებენ

kirtadzeსაქართველოს ლეიბორისტული პარტიის ოფისში ჩატარებულ ბრიფინგზე პარტიის საერთაშორისო მდივანმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნესტან კირთაძემ ქართველ საზოგადოებასა და ჟურნალისტებს გააცნო საქართველოს ლეიბორისტული პარტიის მიერ 2011 წლის 2 თებერვალს მიღებული სპეციალური მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილისადმი.

საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი სთავაზობს მკითხველს მიმართვის სრულ ტექსტს:

სპეციალური მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს

საქართველოს ლეიბორისტული პარტია აკეთებს სპეციალურ განცხადებას და თხოვნით მიმართავს მიხეილ სააკაშვილს, რომ პრეზიდენტისა და მთავრობის 100-მილიონიანი ფონდებიდან შეიძინოს და შიმშილის ზღვარზე მყოფ საქართველოს მოსახლეობას დაურიგოს თითო ტომარა ფქვილი მაინც.

მშიერი გაზაფხულის წინ სოციალურად დაუცველი საქართველოს მოსახლეობა შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშეა, ხოლო ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღვარზე იმყოფება.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შევახსენებთ, რომ გამოვიდეს თავისი ვირტუალური სამყაროდან და რეალურად დაინახოს სრულიად გაღარიბებული საქართველო, სადაც, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, 2 მილიონამდე მოქალაქე სიღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფება, კატასტროფულად იზრდება ფასები სასურსათო პროდუქტებზე და ხელისუფლების გაყალბებული სტატისტიკის მიხედვითაც კი უკანასკნელი კვლევები მიგვითითებს, რომ სამომხმარებლო კალათა, ძირითადად, დატვირთულია წიწიბურით, ბრინჯით, ფქვილით, ბურღულეულით. ჩვენი გაღaტაკებული მოსახლეობისთვის, უკვე დიდი ხანია, ფუფუნებაა სრულფასოვანი კვება და ზემოაღნიშნული პროდუქტიც კი მოსახლეობის უმრავლესობისთვის უკვე ხელმიუწვდომელი ხდება.

ამ ვითარებაში ყველაზე მძიმედ გამოიყურება სოფლის მოსახლეობა და საქართველოს მთიანეთი.

ყოველდღიურად იზრდება ფასები საწვავზე, რომელიც ავტომატურად აძვირებს ჩვენი მოსახლეობის ისედაც გაუსაძლის ცხოვრებას.

უკანასკნელი მონაცემებით, საარსებო მინიმუმი განისაზღვრება 150 ლარით, ხოლო საშულო ოჯახზე - 250 ლარით. აღნიშნული თანხებით არათუ შეუძლებელია არსებობა, არამედ ესეც კი მიუწვდომელია მოსახლოების უდიდესი უმრავლესობისთვის.

ზრდადია ისედაც გაუგონარი ინფლაცია, რომელიც დღეის მონაცემებით შეადგენს 11,2%-ს.

უკვე ძველი და ჩვენს ქვეყანაში უპერსპექტივო თემაა ახალი სამუშაო ადგილები, მასობრივი უმუშევრობის დაძლევა და მრავალი სხვა.

ჩვენ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, დაასრულოს მჭმუნვარე და გულისამაჩუყებელი გამოსვლები ხალხის გაჭირვებულ ცხოვრებაზე,   საქართველოში შექმნილ მძიმე სოციალურ ვითარებაზე და რეალურად დაეხმაროს მშიერ მოსახლეობას.