აქტუალური
თვალი უნდა გავუსწოროთ მოვლენას, რომ, სამწუხაროდ, ძალადობისკენ მიდრეკილი საზოგადოება ვართ! - გიორგი მარგველაშვილი

      საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. სამი ახალგაზრდის მკვლელობაზე საზოგადოების რეაქციამ ნათლად აჩვენა, რომ უფრო კარგად უნდა გავიაზროთ თითოეული მოქალაქის როლი ერთიანი საზოგადოებრივი სხეულის შექმნის პროცესში, – საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისში, ხორავას ქუჩაზე და სოფელ ოფშკვითში მოსწავლეების მკვლელობის ფაქტებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს იმ სამწუხარო ფაქტს, რომ საზოგადოება ძალადობისკენ არის მიდრეკილი.
ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ მოვლენას, რომ, სამწუხაროდ, ძალადობისკენ მიდრეკილი საზოგადოება ვართ, რომლისთვისაც ძალადობა და ერთმანეთთან ძალადობის ენით საუბარი მისაღები, გასაგები და ხშირ შემთხვევაში მოსაწონია. ეს არ ეხება მხოლოდ მკვლელობას, ეს არის ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება. შევხედოთ, როგორ ვურთიერთობთ ერთმანეთთან.
რელიგია, რომლის ორი ფუნდამენტური ღირებულება არის - გიყვარდეს მტერი შენი და ნუ განიკითხავ სხვა ადამიანს, ჩვენ ამას ვახერხებთ ერთმანეთისთვის ტაბურეტის ჩარტყმით.
პოლიტიკაზე თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ ყველაზე მეტად დაფასებული არის პოლიტიკოსი, რომელიც თავის პოზიციას აგრესიულად გამოხატავს. როგორც ადამიანი, რომელიც დიდი ხანია, საზოგადოებრივ სივრცეში ვტრიალებ, როგორც პოლიტიკოსი, რაც უფრო აგრესიულად გამოვდიოდი ან გამოვდივარ, მით უფრო მოსაწონი ვარ საზოგადოებისთვის. უფრო მეტად მოსწონთ, როდესაც უფრო შემტევი, აგრესიული იყავი. ეს არის ის სივრცე, რომელშიც ჩვენ ვტრიალებთ. ამ სივრცის ფარგლებში არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენი შვილი იქნება აგრესიის მსხვერპლი.
მინდა, მივმართო, პირველ რიგში, ძლიერ ადამიანებს, რომელთაც თავისი თავი ამ საზოგადოებაში ძლიერად მიაჩნიათ. თუ თქვენი ყოველდღიური ყოფა და ამ ყოფის პოპულარიზაცია იქნება ავსებული არა იმით, როგორ დაჩაგრეთ ადამიანი, არამედ რანაირად შეუმსუბუქეთ ადამიანს ცხოვრება, მხოლოდ ამ მომენტიდან შეიცვლება თქვენი მეზობელი ქალბატონის ან თქვენი მეგობრის შვილის ცხოვრება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.