უცხოეთი
არაბულ სახელმწიფოთა ლიგა აშშ-ს იერუსალიმთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაუქმებას სთხოვს

      საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. არაბულ სახელმწიფოთა ლიგა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ.
ამის შესახებ არაბულ სახელმწიფოთა ლიგის მიერ მიღებულ კომუნიკეშია აღნიშნული, რომელიც ეგვიპტეში არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომაზე მიიღეს.
კომუნიკეში ნათქვამია, რომ ლიგა ტრამპის გადაწყვეტილებას საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების დარღვევად აფასებს.
„აშშ-ის გადაწყვეტილება საერთაშორისო კანონმდებლობის და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების საშიში დარღვევაა,“ - ნათქვამია კომუნიკეში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად, არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უარყოფენ ნებისმიერ ცალმხრივ ნაბიჯებს იერუსალიმის საერთაშორისოდ აღიარებული სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით.
კომუნიკეს თანახმად, ვაშინგტონის შეცვლილი პოლიტიკიდან გამომდინარე, არაბული ქვეყნები მიჩნევენ, რომ აშშ-მა მოახდინა თვითიზოლაცია, როგორც რეგიონში სამშვიდობო პროცესის შუამავალმა.
ლიბანის პრემიერ-მინისტრი კი არაბთა ლიგას ვაშინგტონისთვის სანციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
ჯებრან ბასილი ფიქრობს, რომ არაბული ქვეყნები მხოლოდ დიპლომატიური, პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური შეზღუდვებით აიძულებენ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ გააუქმოს საკუთარი გადაწყვეტილება. თუმცა, ეს ინიციატივა საბოლოო დეკლარაციაში არ ასახულა.

rustavi2.ge