საზოგადოება
„ჩვენ არ გვჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, ჩვენ გვინდა, რომ მშობლებს არ ეშინოდეთ სკოლაში ბავშვების გაშვება!" - პრემიერი კვირიკაშვილი მოზარდების აღზრდაში დაშვებულ შეცდომებზე მსჯელობს

      საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი.  „მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევების გამეორების თავიდან აცილება მხოლოდ კომპლექსური ზომებით არის შესაძლებელისახელმწიფო სტრუქტურებისა და მთლიანობაში საზოგადოების გაძლიერებული მუშაობით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით არასრულწლოვანთა დანაშაულისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების კუთხით, მაგრამ ვფიქრობ, შედეგები, რომლებიც დღეს გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც გამოგვრჩა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ არცერთი დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტიანად იმუშავა პროკურატურასთან ერთად და ვფიქრობ, ყველას გაუქრა ეჭვი იმის თაობაზე, რომ შეიძლებოდა, ვინმე ამ ტრაგედიის შემდეგ დაუსჯელი დარჩენილიყო. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარი მაინც არის ის, რომ მომავლისთვის შევიმუშაოთ სწორი გზები, რათა ასეთი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისი აზრით, ამისთვის უფროსებს რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მოზარდებთან, გაიგონ მათი შეხედულებები და აზრები ამა თუ იმ საკითხზე. "ჩვენ უნდა გავიგოთ მათი დამოკიდებულება, მათი აზრი, როგორ უყურებენ ისინი ამ პრობლემას, რას ფიქრობენ არა მხოლოდ იმაზე, რომ ასეთი ძალადობა არ მოხდეს, არამედ მთლიანად იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ოჯახების წინაშე დგას", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ შსს და განათლების სამინისტრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ზომებს უმოკლეს ვადებში შეიმუშავებენ. ასევე, საჭიროა მუშაობა საკანონმდებლო თვალსაზრისით. ამასთან დაკავშირებით მან იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მუშაობაში ჩართვა სთხოვა. ჩვენ არ ჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომლებიც შეიძლება, არასოდეს განხორციელდეს. ჩვენ გვინდა ახლავე გარკვეული ზომების მიღება იმისათვის, რომ სკოლა, მისი ტერიტორია და მათ შორის მისი შემოგარენიც იყოს დაცული და მშობლებს არ ეშინოდეთ სკოლაში ბავშვების გაშვება", — აღნიშნა პრემიერმა.