აქტუალური
ეუთოს საქართველოს მეგობართა ჯგუფმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა

      საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. ეუთოს 24- მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ორგანიზაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხანმოკლე შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან.
საქართველოს მეგობართა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ესტონეთი, ლიტვა, რუმინეთი და პოლონეთი.
მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მიმართ საკუთარი მხარდაჭერა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობართა ჯგუფში შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
აღსანიშნავია, რომ ეუთოს 24- მინისტრთა საბჭოს შეხვედრის ფარგლებში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მხრიდან წელსაც იგეგმება საქართველოს მხარდამჭერი განცხადების მიღება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს ფარგლებში, სადაც წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის პოზიციის გამო კონსენსუსის არარსებობის შედეგად საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება ვერ მიიღებოდა, მოიძებნა ფორმატი, სადაც შესაძლებელი გახდა საქართველოს თაობაზე დოკუმენტის მიღება.
მისი ინფორმაციით, წლევანდელ განცხადებაში, ისევე, როგორც გასულ წელს, საუბარი იქნება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე, რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკაზე და ადამიანის უფლებათა მხრივ არსებულ იმ კონკრეტულ დარღვევებზე, რასაც ადგილი აქვს ოკუპირებულ რეგიონებში. მისივე ინფორმაციით, წელს საქართველოს მეგობართა ჯგუფი თავის განცხადებაში განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს, ასევე, საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული და პოლიტიკური რეფორმების განხორციელების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
კიდევ ერთხელ გამოიხატება მეგობართა ჯგუფის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ.