უკრაინიდან გაქცეულმა ოლიგარქმა კურჩენკომ სააკაშვილის თანაგუნდელებს 500 ათასი დოლარი გადასცა! - იური ლუცენკო (4 ვიდეო)
პოლიტიკა
უკრაინიდან გაქცეულმა ოლიგარქმა კურჩენკომ სააკაშვილის თანაგუნდელებს 500 ათასი დოლარი გადასცა! - იური ლუცენკო (4 ვიდეო)

      საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ უკრაინიდან გაქცეულმა ოლიგარქმა სერგეი კურჩენკომ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებს 500 ათასი დოლარი გადასცა. ამის შესახებ ლუცენკომ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, საპროტესტო აქციებს ვიქტორ იანუკოვიჩის თანაგუნდელის სერგეი კურჩენკოს ფულით აფინანსებდა.
სააკაშვილთან დაახლოებულმა პირმა, კერძოდ კი სევერიონ დანგაძემ, სააკაშვილთან შეთანხმებით მიმართა კურჩენკოს, რომელიც იმალება ქალაქ მოსკოვში და მას ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების ინტერესების სანაცვლოდ სააკაშვილის საქმიანობის დაფინანსება შესთავაზა. ჩვენ დავაფიქსირეთ რუსული მხარისგან დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის მიღება. თანხის დაახლოებით ნახევარი სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ დანგაძსგან ამოიღეს“, – განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.
ამასთან, იური ლუცენკომ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, სადაც, პროკურატურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი, მისი გუნდის წევრები, ასევე კურჩენკოს ნდობით აღჭურვილი პირი უკრაინაში არეულობებს გეგმავენ.
სამშაბათს მიხეილ სააკაშვილის კიევის ბინაში უკრაინის გენერალური პროკურატურისა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. თავად პოლიტიკოსი სახლის სახურავზე ავიდა და იქიდან გადმოხტომით იმუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხელის ხლებას დაუპირებდნენ. საბოლოოდ სამართალდამცველებმა ის დააკავეს, ქუჩაში გაიყვანეს და მანქანაში ჩასვეს. მაგრამ სააკაშვილის მხარდამჭერებმა გზა ჩაკეტეს და ავტომობილის საბურავები დახვრიტეს, რათა მისი წაყვანისთვის ხელი შეეშალათ. სამართალდამცველები იძულებული გახდნენ, ეროვნული გვარდიის ასკაციანი რაზმი გამოეძახებინათ, რათა უწესრიგობა დაეშოშმინებინათ. ამ დროს სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა პოლიტიკოსის მანქანიდან გადმოყვანა შეძლეს და მან მაიდანზე მიტინგი ჩაატარა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სააკაშვილს 3-დან 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის განცხადებით, „არ არის გამორიცხული, მიხეილ სააკაშვილს ბრალი სხვა მუხლებითაც წაუყენონ.
უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო ფიქრობს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის მიზნით ოთხშაბათს, ანუ დღეს გაიმართება, უკრაინელი სამართალდამცველები აპირებენ, მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობა მოითხოვონ. ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ სადღეღამისო შინაპატიმრობის შუამდგომლობა დავაყენოთ“, — განაცხადა ლუცენკომ ბრიფინგზე. მისი თქმით, გენერალური პროკურატურა აპირებს, სააკაშვილი დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილად გამოაცხადოს.

 


საქინფორმი