სამართალი
სტუდია „მონიტორი“ ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაციას გამართავს

monitorსტუდია „მონიტორი“ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში დღეს ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაციას გამართავს. სტუდია „მონიტორის“ ინფორმაციით, გამოძიება კომპანია „ცენტრ-პოინტ ჯგუფის“ მიერ დაზარალებულ კლიენტებს ეხება.

ფილმში მოთხრობილია იმ ადამიანების პრობლემებზე, რომლებმაც „ცენტრ-პოინტს“ 2005 -2008 წლებში თანხები გადაუხადეს, კომპანიამ კი მათ მიმართ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა.

რამდენიმე ათასი ადამიანი კომპანიისგან ბინების გადაცემას ან ფულის დაბრუნებას, წლებია, უშედეგოდ ელოდება.

 

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია, რომ კომპანია „დექსუსი“, რომელსაც გასულ წელს „ცენტრ-პოინტი“ მართვაში გადაეცა, დაზარალებულ მოქალაქეებს კაბალურ პირობებს უყენებს.

ფილმში ნაჩვენებია „ცენტრ-პოინტის“ მუშაობის სქემა, ამ სქემით ათასობით ადამიანი დაზარალდა და მათ დიდ ნაწილს კუთვნილი თანხების დაბრუნება სასამართლოს მეშვეობითაც უჭირთ. შეგახსენებთ, რომ „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ ქონების დიდი ნაწილი ამჟამად დაყადაღებულია, კომპანიის დამფუძნებლები საკუთარი ქონებით კლიენტების გასტუმრების ვალდებულებას არ იღებენ.