აქტუალური
რატომ ძვირდება საწვავი საქართველოში

lukoil-2საწვავის კომპანიებს შორის რომ მძაფრი კონკურენციაა, ამას ყველა ხედავს. ხშირად საუბრობენ დაკავებულ ნიშაზეც, რომ გარკვეულ კომპანიებს სახელმწიფო “კრიშავს’’. კომპანია ,,ლუკოილის’’ გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე მიიჩნევს, რომ მსგავს დიდ შენატანს ქვეყნის ბიუჯეტში არც ერთი სხვა ბიზნესსფერო არ ახორციელებს და კომპანიების მიმართ ინტერესიც ბუნებრივია სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა მძღოლების ძირითადი პრობლემა მაინც საწვავის ფასის ზრდაა. ბატონი შავლეგი სწორედ ამ საჭირბოროტო საკითხებზე გვესაუბრება.

–რაზეა დამოკიდებული საწვავის ფასის ზრდა?

– ამ მხრივ საქართველო მთლიანადაა დამოკიდებული იმპორტზე. ყოველდღიური ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული ფასის ამპლიტუდა ხშირად შთამბეჭდავია, კლების ან ზრდის თვალსაზრისით. მაგალითად, გახსოვთ, ალბათ, მექსიკის ყურეში მომხდარი კატასტროფა, რის შედეგადაც მეორე დღესვე გაძვირდა საწვავი, საბერძნეთის კრიზისი კი რამდენიმე დღის შემდეგ აისახა საწვავის ფასზე.

– რატომ მოქმედებს ამგვარი მოვლენები საქართველოზე მომენტალურად?

– ევროპულ საწვავზე თუ ვისაუბრებთ, რომელიც ზღვით შემოაქვთ, მაშინ ციკლს სჭირდება დაახლოებით 25 დღე; იგულისხმება ჯერ დაკვეთა, შემდეგ – დატვირთვა, გზა, ჩამოტანის შემდგომ გასავლელი პოროცედურები, ვაგონებით ტრანსპორტირება, ვაგონებიდან ბაზებში და შემდეგ სადგურებში საწვავის გადატანა. როდესაც კომპანიას აქვს წმინდა იმპორტის შედეგად შემოტანილი საწვავი, ბუნებრივია, მომენტალურ რეაგირებას ვერც გაძვირების თვალსაზრისით მოახდენს. მსოფლიოში არის ქვეყნები, სადაც დღეში რამდენიმეჯერ იცვლება ფასი. ჩვენთან ასე არ არის, იმიტომ, რომ დამოკიდებული ვართ იმპორტის ციკლზე. საქართველოში ნავთობის მარაგი შესწავლილი, აღიარებული დ დამტკიცებული არ არის და, სანამ ასე იქნება, ასე გაგრძელდება.

– რამდენად შესაძლებელია საწვავის ფასის ზრდის თუ კლების წინასწარი განჭვრეტა?

– ჩვენ მხოლოდ იმის განჭვრეტა შეგვიძლია, სეზონური ფაქტორი რამდენად მოახდენს გავლენას ფასზე. საიდუმლო არ არის, რომ ზაფხულში საწვავი უფრო მეტად იყიდება, ვიდრე ზამთარში.

– რამდენად დიდია განსხვავება პრესტიჟულ და ჩვეულებრივ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხში?

– ბრენდულ კომპანიებს საწვავის იმპორტის სტაბილური სქემა აქვთ. განსაკუთრებით იმ კომპანიებს, რომელთა სათაო ოფისები თვითონ ფლობენ ქარხნებს. წარმოიდგინეთ, ნავთობის საზღვაო ტერმინალში დგას უზარმაზარი რეზერვუარი, საიდანაც იტვირთება როგორც ევროპის, ისე საქართველოსთვის განკუთვნილი გემები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთანაც იმავე ხარისხის საწვავის იმპორტი ხდება, რაც ევროპის მოწინავე ქვეყნებში. რაც შეეხება არაბრენდულს, მათი საწვავის მოპოვების წყარო ინდივიდუალურია. ისინი ეძებენ, სად იშოვონ დაბალ ფასად საწვავი, არ მუშაობენ ერთ მომწოდებელთან და, შესაბამისად, კლიენტი ასეთ სადგურებში ყოველდღე სხვადასხვა საწვავს იღებს.