აქტუალური
ბერი გაბრიელის გამზირზე მდებარე ბინაში მაისამდე თარხან ბათირაშვილის მამიდაშვილი მერაბ ცათიაშვილი ცხოვრობდა?

      საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. “თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, მე-6 შესახვევში, მე-9 კორპუსის მე-2 სართულზე მდებარე ბინა, რომელშიც შეიარაღებული ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ, რამდენიმე წლის განმავლობაში და სპეცოპერაციამდეც ბოლო სამი კვირა, უსაფრთხოების სამსახურების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა”, - ამ ინფორმაციას სააგენტო "რეგ ინფო" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, "2017 წლის მაისამდე აღნიშნულ ბინაში ქირით პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრი მერაბ ცათიაშვილი ცხოვრობდა. მერაბ ცათიაშვილი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ შიშანის მამიდაშვილია. სირიაში თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების თაობაზე ინფორმაცია პანკისში მცხოვრებმა მისი ოჯახის წევრებმა 2016 წლის ივლისში დაადასტურეს.
ამ მისამართზე მერაბ ცათიაშვილის ცხოვრების პერიოდში ბინა მინიმუმ 3-ჯერ გაჩხრიკეს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მათ შორის 2015 წლის 14 ივნისსაც, როცა კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. მერაბ ცათიაშვილი აიუფ ბორჩაშვილთან მეგობრობდა. 14 ივნისს რამდენიმე საათის განმავლობაში ცათიაშვილი დაკავებულიც იყო, რის შემდეგაც გაათავისუფლეს. ცათიაშვილის ახლობლების ინფორმაციით, 2016-2017 წლებშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები პერიოდულად აკვირდებოდნენ, ბინაში სტუმრად ვინ მივიდოდა”.